უკრაინის ოფიციალური პირების ცნობით, დაახლოებით 300 ადამიანი დაიღუპა რუსეთის მიერ ქალაქ მარიუპოლში თეატრის დაბომბვის შედეგად.
"თვითმხილველების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შეჯამების შედეგად, დაახლოებით, 300 ადამიანი დაიღუპა დრამატული თეატრის დაბომბვისას მარიუპოლში", - წერს ქალაქის მერია.
როგორც BBC წერს, ბლოკადაში მოქცეულ ქალაქთან დაკავშირება რთულია, რის გამოც ამ ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმება შეუძლებელია.
ქალაქის საბჭოსა და მოქალაქეების ცნობებით, 500-დან 1000 ადამიანამდე აფარებდა თავს თეატრის შენობას.
დაბომბის შემდეგ უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა, სერგეი ტარუტამა განაცხადა, რომ მარიუპოლის დრამატული თეატრის თავშესაფარი ავიაიერიშს გადაურჩა.
ქალაქის მთავრობაში აცხადებდნენ, რომ თეატრის სარდაფებში, სადაც ბომბებისგან თავშესაფარი იყო მოწყობილი, დაახლოებით, 1-1,2 ათასი ადამიანი იყო.
16 მარტს რუსმა სამხედროებმა დაბომბეს მარიუპოლის თეატრი, რომელსაც თავს ასობით დევნილი აფარებდა.
ქალაქის მთავრობის განცხადებით, რუსულმა ძალებმა "მიზანმიმართულად და ცინიკურად გაანადგურეს დრამატული თეატრი მარიუპოლის ცენტრში. ბომბი ესროლა შენობას, სადაც ასობით მშვიდობიანი ადამიანი აფარებდა თავს".