logo
ENG



დაბოქლომება გრძელდება - ანტისამთავრობო პროტესტმა მთელი საქართველო მოიცვა

22 ნოე 201919:48
3 წუთის საკითხავი
 
560jzz4sfkf2mpt.jpg

ანტისამთავრობო პროტესტი მთელ საქართველოს მოედო. ე.წ დაბოქლომების აქციამ დედაქალაქთან ერთად, რეგიონებშიც გადაინაცვლა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ბოქლომების დადების კამპანიით მათ სურთ იმის ჩვენება, რომ მმართველი გუნდის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მაჟორიტარების ხელით დემოკრატია დააბოქლომა

მაჟორიტარი დეპუტატების ე.წ. დაბოქლომების კამპანია ოპოზიციამ დღეს დილიდან დაიწყო და საქართველოს ყველა რეგიონი მოიარა. ხმაურის გარეშე ბოქლომის დადების არცერთ მცდელობას ჩაუვლია. აქციის მონაწილეებს ყველგან პოლიცია და მმართველი პარტიის მხარდამჭერები ხვდებოდნენ. ფიზიკური დაპირისპირება იყო თბილისში საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატის, მამუკა მდინარაძის ოფისთან. დეპუტატი ოპოზიციას ადგილზე არ დახვდა, თუმცა იქ მობილიზებულები იყვნენ მისი მხარდამჭერები 

2 ადამიანის დაკავებით დასრულდა მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის ოფისის დაბოქლომების მცდელობა. სამართალდამცველებმა პარტია „ევროპული საქართველოს" მედიასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი და „ქართული ოცნების" აქტივისტი დააკავეს. დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც ოპოზიცია ე.წ. ამბოხებული მაჟორიტარის, დიმიტრი ხუნდაძის ოფისზე ბოქლომის დადებას ცდილობდა. 

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დისკომფორტს შეუქმნიან ყველა მაჟორიტარ დეპუტატს, რომლებმაც პირობა არ შეასრულეს და საარჩევნო სისტემის ცვლილებას ხელი შეუშალეს. ასე მოხდა ნაძალადევის რაიონშიც - დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის ოფისთან, რომელიც  სამსახურში დილიდან მივიდა და დაპირისპირებას თვალს კაბინეტიდან ადევნებდა. პოლიციამ აქციის მონაწილეებს კარის ჩაკეტვის უფლება არ მისცა.

აქცია-პერფორმანსის გამართვაში ოპოზიციას ხელი შეუშალეს "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა და სამართალდამცველებმა გურიაშიც. აქციის მონაწილეებს ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის, არჩილ თალაკვაძის კაბინეტზე ბოქლომის დადების შესაძლებლობა მმართველი გუნდის მხარდამჭერებმა და სამართალდამცველებმა არ მისცეს. პოლიციამ მათ ბოქლომები ჩამოართვა. აქციის ერთ-ერთ მონაწილეს გულის შეტევა დაემართა და ის ოზურგეთიდან ბათუმში რეანომობილით გადაიყვანეს. ბოქლომების დასადებად ოპოზიცია შეიკრიბა ფოთშიც. აქცია ზუგდიდში, მაჟორიტარ დეპუტატ მერაბ ქვარაიას ოფისთანაც გაიმართა. აჭარაში, სადაც აქციის მონაწილეებმა ბოქლომი აჭარის უზენაესი საბჭოს რკინის ღობეს შეაბეს. ამით სოლიდარობა გამოუცხადეს საბჭოს დეპუტატ ელგუჯა ბაგრატიონსაც, რომელიც პოლიციამ 18 ნოემბრის აქციაზე დააკავა და 12 დღიან პატიმრობაშია. 

ბოქლომებით გამოჩნდა ოპოზიცია დღეს ქუთაისშიც - მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი მხეიძის კაბინეტის დასაბოქლომებლად. სანაცვლოდ , მისმა მხარდამჭერებმა ოპოზიციას ცოცხები დაახვედრეს. ხმაური იყო რუსთავშიც, მაჟორიტარ დეპუტატ პაატა მხეიძის ოფისთან. მებოქლომეები ასევე ჩავიდნენ დღეს წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, ხაშურში, ახალციხეში, ახალქალაქში, თელავში. 

 

 


close დახურვა