დილიდან ხმაურია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატების ოფისებთან. პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრები სიმბოლურ კამპანიას აგრძელებენ და მაჟორიტარების ოფისებს ბოქლომებს ადებენ.
ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა ბოქლომების დადების მცდელობას საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატის, მამუკა მდინარაძის ოფისზე ბოქლომის დადების მცდელობას. შენობის შესასვლელთან „ევროპული საქართველოს" წევრებსა და სამოქალაქო აქტივისტებს სამართალდამცველები და „ოცნების" მხარდამჭერები დახვდნენ. ერთ-ერთმა მხარდამჭერმა „ევროპული საქართველოს" დეპუტატ სერგო რატიანის საცემრადაც გაიწია.
„დაგვახვედრეს აგრესიული ზონდერები. ხელით შეხებასაც ქონდა ადგილი პოლიცია როგორც წესი იცავს მოძალადეებს, ესეთ დღეში ჩააგდეს მთელი სახელმწიფო. მთელი ინსტიტუციები დახურა ივანიშვილმა“, - განაცხადა რატიანმა ჟურნალისტებთან.
„ფორმულამ“ „ოცნების“ მხარდამჭერებთანაც სცადა გასაუბრება, მაგრამ მათ განაცხადეს, რომ კომენტარის გაკეთება არ სურდათ.
მდინარაძის ოფისამდე აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი მაჟორიტარის მიხეილ ყაველაშვილის ოფისს ესტუმრნენ, სადაც ასევე პოლიცია და პარტიის მხარდამჭერები დახვდნენ მობილიზებული, რის გამოც აქტივისტებმა ოფისისთვის ბოქლომის დადება ვერ მოახერხეს და ყაველაშვილს ბოქლომი სიმბოლურად კართან დაუტოვეს.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ გააგრძელებენ დაბოქლომებას და ეცდებიან მიაკითხონ ყველა იმ დეპუტატს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნაში.
შეგახსენებთ, რომ პირველად ბოქლომები 18 ნოემბერს ოპოზიციურმა პარტიებისა და პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებს დაადეს. ამის შემდეგ დაბოქლომების აქცია 21 ნოემბერს გაგრძელდა - ბოქლომები დაადეს კანცელარიის, საქალაქო სასამართლოსა და პროკურატურის შენობებს. 22 ნოემბერს ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტები ბოქლომების დადებას რეგიონებში გააგრძელებენ.