ლუის ინასიუ ლულა და სილვა ბრაზილიის მომდევნო პრეზიდენტი იქნება - ულტრამემარჯვენე ჟაირ ბოლსონარუ დამარცხების შემდეგ, ის პოსტს უკვე მესამეჯერ დაიკავებს.
ბრაზილიაში არჩევნები კვირას ჩატარდა. ლულამ ხმათა 50,89% მოიპოვა, ხოლო მისმა მეტოქემ და უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა - 49,11%.
76 წლის პოლიტიკოსი ხელისუფლებაში კორუფციის ბრალდებებისა და 580-დღიანი პატიმრობის შემდეგ, ქვეყანაში არსებული არასტაბილური პოლიტიკური სიტუაციის ფონზე ბრუნდება.
"ისინი ჩემს ცოცხლად დამარხვას შეეცადნენ, მაგრამ მე აქ ვარ", - ასე გამოეხმაურა ლულა არჩევნების შედეგებს.
მოკლე ბიოგრაფია და კარიერა
ლულა პერნამბუკუში დაიბადა - 7 წლის ასაკში მის ოჯახთან ერთად სან-პაულუში გადავიდა, სადაც გაჭირვების გამო სკოლის გაგრძელება ვეღარ მოახერხა და ქარხანაში დასაქმდა, ხოლო მოგვიანებით მუშობა პროფკავშირის გაერთიანებაში გააგრძელა.
1975 წელს ლითონის მუშათა კავშირის გაერთიანების პრეზიდენტად აირჩიეს, რა პერიოდშიც, მან ბრაზილიის დიქტატორული მთავრობის წინააღმდეგ რამდენჯერმე დააორგანიზა მუშათა გაფიცვები. 1980 წელს ლულამ მუშათა პარტია დააფუძნა - სამხედრო რეჟიმის საპასუხოდ, მისი პლურალისტური მემარცხენე პარტია ხელოვანებს, ინტელექტუალებს, პროფკავშირის წარმომადგენლებსა და სხვებს აერთიანებდა.
მან პრეზიდენტობის არჩევნებში სამჯერ მიიღო მონაწილეობა. 2002 წელს მისი მცდელობები წარმატებული აღმოჩნდა და ის ბრაზილიის პრეზიდენტი გახდა. იმ დროისთვის ქვეყანაში ეკონომიკური ბუმი იყო, მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს განხორციელდა არაერთი სოციალური კეთილდღეობის პროგრამა, რომელიც მილიონობით ადამიანს ეკონომიკურად დაეხმარა.
2018 წელს ლულა კორუფციის ბრალდებით დააპატიმრეს და 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა მან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 580 დღე დაყო, რადგან ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება გააუქმა.
ლულას ხმა 60 მილიონმა ადამიანმა მისცა, რითაც 2006 წლის მისივე რეკორდი გააუმჯობესა. მიუხედავად ამ მხარდაჭერისა, ის ქვეყნის მართვას რთული პოლიტიკური ვითარების ფონზე იწყებს - 2021 წლის მეორე ნახევარში ბრაზილია ინფლაციამ მძიმედ დააზარალა. ქვეყანა კვლავ იმ გამოწვევებს ებრძვის, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დროს მიადგათ. 2019-2021 წლების მონაცემებით, ბრაზილიაში, დაახლოებით, 9,6 მილიონი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდა.