logo
ENG



დავით ბაქრაძე პრეზიდენტის განცხადებაზე: ეს იყო სამარცხვინო განცხადება

11 დეკ 201914:32
3 წუთის საკითხავი
 
ndoxr9t1hxtj2an.jpg

დავით ბაქრაძემ პრეზიდენტის განცხადებას სამარცხვინო უწოდა და განაცხადა, რომ მთავარსარდლისგან ეს განსაკუთრებით მიუღებელია. „ევროპული საქართველოს“ ლიდერის თქმით, ქართული სახელმწიფოებრიობა დგას ქართველ სამხედროებზე, მათ თავგანწირვაზე და ყოველი მოქალაქე მადლობელი უნდა იყოს მათი. ბაქრაძის განცხადებით, საქართველოს ევროპული მომავალი და ნატო-ში გაწევრიანება დამოკიდებულია სწორედ იმ ქართველ ჯარისკაცებზე, რომლებიც საერთაშორისო მისიებში მონაწილეობენ.

„ეს იყო სამარცხვინო განცხადება, როდესაც მთავარსარდალი საუბრობს, რომ საქართველოს არ ჰყავს და არც ეყოლება არმია, ეს არის პირდაპირი შეურაცხყოფა ყველაზე პატივსაცემ ინსტიტუტზე. ჩვენ პატივიც  უნდა ვცეთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დამცველებს, ისინი საკუთარ სიცოცხლეს რისკავენ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა არსებობდეს და ჰქონდეს მომავალი. ეს არის არმიაზე შეტევა და სახელმწიფოს ინსტიტუციონალური საფუძვლის გამოთხრა. ამას აკეთებს ადამიანი, ვინც უნდა იყოს დაკავებული ჯარის გაძლიერებით. მან ბოდიში უნდა მოიხადოს ყოველი ჯარისკაცის წინაშე, განსაკუთრებით იმ ჯარისკაცების წინაშე, ვინც ავღანეთში დაშავდა. ესენი არიან გმირები, ისინი იცავენ საქართველოს ინტერესებს, ამ ბიჭების დამსახურებაა, რომ შეგვიძლია ვისაუბროთ ნატო-ში გაწევრიანებაზე. რომ არა ისინი, არ გვექნებოდა საფუძველი, გველაპარაკა ჩვენს მომავალზე ნატოსა და ევროკავშირში. ვართ მოვალენი მათ წინაშე. მოვითხოვ, ზურაბიშვილმა პირველ რიგში ამ ხუთი დაჭრილის წინაშე მოიხადოს ბოდიში. თურმე მისი სიტყვები ვერ გაიგეს - რა თქმა უნდა, როცა პრეზიდენტი ამბობს, რომ ომი დაიწყო მისმა ქვეყანამ, ეს გახდება კრიტიკის თემა. როცა ღარიბ ქვეყანაში მილიონებს ხარჯავს ირანულ ჭაღებზე, ესეც გახდება კრიტიკის ობიექტი“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადება არასწორად იქნა გაგებული.

 


close დახურვა