საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი დანიაში საქართველოს ელჩის გიგი გიგიაძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ელჩს უნდა დაერეკა და ეკითხა ამაზე". ელჩმა Facebook გვერდზე სამინისტროს დაკავებული თანამშრომლის, ივერი მელაშვილის მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა.
"მეც გამიკვირდა, რადგან იცით თქვენ, რომ ჩვეულებრივი კოლეგიალურობიდან გამომდინარე, ელჩის პოზიციიდან გამომდინარე, როცა ის აკეთებს რაიმე განცხადებას, მითუმეტეს ასეთ უაღრესად მგრძნობიარე თემაზე, მას უნდა დაერეკა, ეკითხა ჩვენთვის. ასეთი ზარი არ შემოსულა. ალბათ, მისი ეს ემოციური დამოკიდებულება იყო კოლეგის მიმართ", - თქვა ზალკალიანმა.
საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა დანიის სამეფოში, გიგი გიგიაძემ ივერი მელაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს კი აბსურდული და საღ აზრს მოკლებული უწოდა.
მისი თქმით, მელაშვილი საქართველოს პატრიოტი და პროფესიონალია და იმედი გამოთქვა, რომ "სრულიად უდანაშაულო, თავის ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი მალევე გათავისუფლდება".