ფორმულას დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი აცხადებს, რომ ტელეკომპანია BBC-მ წარმოებული სასამართლო დავის შედეგად ყველა თავისი პლატფორმიდან გაიხმო ე.წ. ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებული ე.წ. საგამოძიებო სიუჟეტები, სტატია თუ სხვა მასალა.
დავით კეზერაშვილის თქმით, ამით დადასტურდა, რომ გამოთქმული ბრალდებები წარმოადგენდა უმძიმეს ცილისწამებას მისი მისამართით.
დავით კეზერაშვილი ამბობს, რომ BBC-ს სარჩელთან დაკავშირებული ყველა იურიდიული ხარჯის ანაზღაურება დაეკისრა.
"ტელეკომპანია BBC-მ, ჩემს მიერ წარმოებული სასამართლო დავის შედეგად, ყველა თავისი პლატფორმიდან გაიხმო, ე.წ. საგამოძიებო სიუჟეტები, სტატია თუ სხვა მასალა, რითაც დასრულდა თითქმის ორწლიანი ე.წ. „ბიბისის“ ცილისწამებასთან დაკავშირებული პროცესი, რამაც ფაქტობრივად დადასტურდა რომ გამოთქმული ბრალდებები წარმოადგენდა უმძიმეს ცილისწამებას ჩემი მისამართით.
BBC-მ ასევე ვალდებულება აიღო რომ არც მომავალში დაუბრუნდება ჩემს მიმართ მათ პლატფორმებზე გასული ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებას.
ბიბისი ამინაზღაურებს ჩემს სარჩელთან დაკავშირებულ ყველა იურიდიულ ხარჯს.
სასამართლოსთვის მომზადებული ყველა მასალა, აუდირებული ანგარიშები, თუ იურიდიული და საკონსულტაციო კომპანიების მომზადებული ანგარიშები, ცალსახად და არაერთგვაროვნად, აჩვენებს რომ ბრალდება იმის თაობაზე, თითქოს შესაძლოა ვსარგებლობდე რაიმე ტიპის უკანონო შემოსავლით, სრული სიცრუეა. ხოლო საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩემ წინააღმდეგ აგორებული შემდგომი კამპანიაც, ქართული საზოგადოების და საერთაშორისო მეგობრების სიცრუეში შეყვანას ისახავდა მიზნად.
ამას საქართველოს გარეთ ჩატარებული სხვა სასამართლო პროცესების შედეგებიც ადასტურებს.
ქართული ოცნების ყველა მსგავსი კამპანია სასამართლოებმა ან ადამიანის უფლების უხეშ დარღვევად (2024 წლის ე.წ. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება) ან პოლიტიკურ დევნად შეაფასეს (საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის სასამართლოების გადაწყვეტილებები).
მადლობა მინდა გადავუხადო იურიდიულ გუნდს, რომელმაც ბევრი იშრომა, რათა ჩემი სიმართლე დამტკიცებულიყო", - წერს დავით კეზერაშვილი.
***
2023 წლის 12 აპრილს ბრიტანულმა გამოცემა BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გლობალურ სქემაზე საუბრობს, რომელიც, მათი თქმით, ევროპის მოსახლეობის ძარცვას უკავშირდება. გამოცემამ ამ სქემის ერთ-ერთ ორგანიზატორად დავით კეზერაშვილი დაასახელა.
მასალის მიხედვით, საჯაროდ არ მოიპოვება დოკუმენტები, რომლებიც კეზერაშვილის ოფშორული კომპანიების ქსელებთან, ე.წ Milton Group-თან კავშირს ადასტურებს. ქსელის ხელმძღვანელობის შესახებ მტკიცებულებად მასალის ავტორები ე.წ Milton Group-ის ყოფილ თანამშრომლებს ასახელებენ, რომლებმაც ჟურნალისტებს კეზერაშვილის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
ფორმულას დამფუძნებელმა BBC-ის მიერ გავრცელებული ბრალდებები უარყო - 12 აპრილს კეზერაშვილმა განაცახდა, რომ ე.წ. ქოლ-ცენტრებთან კავშირი არ აქვს. მან ევროპულ საგამოძიებო უწყებებთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა და თქვა, რომ სურვილის შემთხვევაში, მათ მიაწვდის ინფორმაციას ქოლ-ცენტრების საქმეში რეალურად ჩართულ მაღალჩინოსნებზე. ამასთან, კეზერაშვილმა უარი თქვა ფორმულას საკონტროლო პაკეტზე და წილის ნახევარი ფორმულას კოლექტივს გადასცა.
ამასთან, დავით კეზერაშვილმა BBC-ის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურები დაიწყო.
2024 წლის 18 მარტს BBC-მ თავის საგამოძიებო ფილმ "The Billioner Dollar Scam-ს" დაურთო შენიშვნა, რომ მასალის შინაარსთან დაკავშირებით დავით კეზერაშვილი სასამართლოში დავობს და ცილისწამებად მიიჩნევს.