ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის სახლში პოლიცია მივიდა. გარდა ამისა, პოლიცია მივიდა ნაციონალური მოძრაობის წევრის, დიმა ჩიქოვანის სახლშიც, რომელიც დავით კეზერაშვილის ცოლის ძმაა.
ფორმულას ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, რომ დავით კეზერაშვილის თბილისის სახლი რამდენიმე წელია დაკეტილია და ამჟამად იქ არავინ ცხოვრობს. ბინის კარის გასაღებად ადგილზე სახანძრო სამსახური მივიდა. ჩხრეკა მიმდინარეობს დავით კეზერაშვილის კიდევ ერთ სახლში, რომელიც ბეთანიაში მდებარეობს.
"ისე გადაფსიხდა ე.წ. ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომ ამ წუთებში ჩემს სახლში ჩხრეკაზე შედიან", - დაწერა ფეისბუქზე დავით კეზერაშვილმა.
დიმა ჩიქოვანი ფეისბუქზე წერს, რომ მის სახლში ჩხრეკის ჩატარება დაშინების მცდელობაა:
"ჩემს საცხოვრებელ სახლშიც აქვთ მცდელობა, რომ შევიდნენ ჩხრეკაზე. ეს არის რუსული რეჟიმის მხრიდან დაშინების მცდელობა, რაც, რა თქმა უნდა, არ გამოუვათ. ქვეყანაში დიქტატურის გაფორმება უნდათ და ცდებიან თუ ფიქრობენ, რომ ამას შეძლებენ. ცალკეულ პირებთან სახლში შეჭრები, უკანონო დაკავებები და ზეწოლები არავის გააჩერებს".
გუშინ პოლიცია ჩხრეკისთვის მივიდა ოპოზიციური პარტიების - დროას, გირჩის, ახალისა და ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისებში. გარდა ამისა, ჩხრეკა ჩატარდა ფეისბუქჯგუფ დაიტოვეს ადმინისტრატორების, ილია ღლონტისა და ნენსი ვოლანდის სახლებში.