logo
ENG



დავითაშვილი: ყველას შეუძლია მიმართოს სატყეო სააგენტოს და ტყის ობიექტი იჯარით გადაეცემათ

31 იან 202213:21
3 წუთის საკითხავი
 

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლეს ბაკურიანში ტყის ნაკვეთი ღია აუქციონის ფარგლებში იჯარით გადაეცა და ეს ჩუქება არ არის. დავითაშვილის თქმით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიმართოს ეროვნულ სატყეო სააგენტოს და მას საიჯარო ვალდებულებებით და სათანადო პასუხისმგებლობით, სასურველ ტყის ნაკვეთს გადასცემენ.

ლევან დავითაშვილის თქმით, 2020 წელს მიიღეს ახალი სატყეო კოდექსი, რაც ტყით მრავალფეროვან სარგებლობას გულისხმობს.

"საქართველოში სამწუხაროდ 90–იანი წლების სიდუხჭირემ და პრობლემებმა შექმნა ის, რომ ტყე მხოლოდ სოციალური მიზნით გამოიყენებოდა, ანუ საშიში მერქნის მოპოვება ხდებოდა და ტყე თავის ძირითად ფუნქციებს, ეკონომიკურს სოციალურს და ეკოლოგიურს ვერ ასრულებდა, ეს მთავარი პრინციპები ახალ კოდექსში შემოვიტანეთ და ამ კოდექსმა განსაზღვრა პირობები მათ შორის ტყით სარგებლობის, როგორც შეიძლება ყოფილიყო და აბსოლუტურად ლეგალურად, აუქციონის პირობებში მოხდა ამ კონკრეტული ტყის მონაკვეთის გაიჯარება.

დღეს, თითოეულ თქვენგანს, ვინც აქ ესწრება კონფერენციას, შეგიძლიათ მიმართოთ ეროვნულ სატყეო სააგენტოს და მე თქვენ გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენთვის სასურველი ტყის ობიექტი, სათანადო პასუხისმგებლობის ფარგლებში, რომ გადმოგცეთ თქვენ, ასევე საიჯარო ვალდებულებებით. კი არავინ არავის არაფერი არ აჩუქა, ეს ჩუქება კი არ არის, ეს არის ვალდებულებები მათთვის, რომ ტყეს მოუარონ სათანადო პირობებით და ამაში სახლემწიფოს გადაუხადონ თანხა." – ამბობს ლევან დავითაშვილი

პრემიერმინისტრის ცოლს ბაკურიანში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 5 958 კვადრატული მეტრი მიწა ტყით სპეციალური სარგებლობის უფლებით, 49 წლით გადაეცა. საჯარო რეესტრის მიხედვით, მისმა წარმომადგენელმა ეროვნულ სატყეო სააგენტოს სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლების წარმოშობის რეგისტრაციისთვის განცხადებით 2021 წლის 28 დეკემბერს მიმართა. 

გუშინ პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ალექსანდრე თამაზაშვილი მისი დისთვის ბაკურიანში ტყის გადაცემას გამოეხმურა და თქვა, რომ ტერიტორიის იჯარით აღება უსაფრთხოებიდან გამომდინარე იყო საჭირო. 


close დახურვა