ქართული ოცნების დეპუტატის ბექა დავითულიანის თქმით, ანა აბაშიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის გარდა, სახალხო დამცველობის ნებისმიერი კანდიდატის მხარდაჭერას განიხილავენ.
როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ანა აბაშიძემ ქართული ოცნების ამომრჩეველს შეურაცხყოფა მიაყენა, ნაზი ჯანეზაშვილი კი გასაუბრებაზე არ მივიდა.
"არავითარი წინაპირობა არ გვაქვს შეთანხმებისთვის, გარდა ერთისა, ვინც პარლამენტს ამ შერჩევის პროცესში არ გაუწია ელემენტარული ანგარიში, პატივისცემა არ გამოავლინა, არ მოვიდა და არ გააცნო თავისი ხედვები, ვინც პირდაპირ შეურაცხყოფას არ აყენებს ჩვენს ამომრჩეველებს, ნებისმიერ კანდიდატზე დავილაპარაკოთ, სულ ერთია, ვისზე, ამ ეტაპზე ასეთია ჩვენი პოზიცია", - თქვა მან.
დამაზუსტებელ კითხვაზე დეპუტატმა თქვა, რომ აბაშიძესა და ჯანეზაშვილს გულისხმობს.
"ორივეს - ერთი არ მოვიდა გასაუბრებაზე, მეორემ პირდაპირ განაცხადა შეურაცხმყოფელი რაღაცები", - განაცხადა დავითულიანმა.
ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 8 დეკემბერს ამოეწურა.