ამ წუთებში საკრებულოში დაძაბული ვითარებაა. პოლიციელები დეპუტატებს შენობაში არ უშვებენ. ასევე დეპუტატები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შენობის შიგნითაც და პოლიცია არც მათ აძლევს გადაადგილების საშუალებას. სამოქალაქო აქტივისტები და დეპუტატები ერეკლე კუხიანიძის გადადგომას ითხოვენ.
როგორც ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ წევრმა ბექა დავითულიანმა განუცხადა, კუხიანიძის საკითხს უმრავლესობა გადაწყვეტს და არა აქციის მონაწილეები.
„სანამ საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაშია ადამიანი, ნებისმიერი აგრესიული განცხადება არის არასწორი, ამას გაემიჯნა ყველა უმრავლესობის წევრი. ეს სპექტაკლები არის სიგიჟე. ამათი გადასსაწყვეტი არაა ერეკლე კუხიანიძე დატოვებს თუ არა თანამდებობას. ამას გადავწყვეტთ ჩვენ. როცა მივიღებთ გაიგებენ მაშინ. ამათი გასაგდები არავინ არაა. ამათი გაგდებები დამთავრდა, წერტილი. გადაწყვეტილებას მივიღებთ ოღონდ არა ამათ გამო. ყველა ემიჯნება ერეკლე კუხიანიძის განცხადებას ამ თემაზე. არა იმიტომ, რომ ესენი ყვირიან. როდის შევიკრიბებით ამას გაგაგებინებთ“, - განაცხადა დავითულიანმა.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოში დეპუტატის ერეკლე კუხიანიძის ოთახში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მოძრაობა “შეცვალეს“ აქტივისტები შევიდნენ. ისინი პოლიციამ საკრებულოს შენობიდა ძალის გამოყენებით გამოიყვანა.
აქციის მონაწილეები მოიტხოვენ, რომ კუხიანიძემ დეპუტატის მანდატი დატოვოს.
საკრებულოს წევრი ერეკლე კუხიანიძე საკუთარ Facebook-გვერდზე 15 დეკემბერს, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მიერ დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა. კუხიანიძის თქმით, საოკუპაციო ხაზთან აქციის გამართვა პროვოკაციული ნაბიჯია და ამით ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება.
კუხიანიძის კრიტიკას საზოგადოების დიდი ნაწილის გაღიზიანება მოყვა. ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოების დიდმა ნაწილმა კუხიანიძის საკრებულოდან გარიცხვა მოითხოვა. თავად ოცნების წევრმა, კუხიანიძემ Facebook-ზე მორიგ სტატუსი გამოაქვეყნა. ამჯერად, კუხიანიძე საზოგადოების კრიტიკას გამოეხმაურა. მისი თქმით, არასწორად მოქმედებენ ის ადამიანები, რომლებიც კუხიანიძეს კიცხავენ, ასევე მმართველი გუნდის მუშაობას იწუნებენ. მან საზოგადოების კრიტიკა ფსიქიკურ აშლილობად შეაფასა.
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემრერს, ე.წ. საზღვრის განზრახ გადაკვეთისთვის დააკავა. ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავად გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ საზღვარი არ გადაუკვეთავს და ის საქართველოსტერიტორიაზე იმყოფება.
14 დეკემბერს გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი გაიმართა, ის პატიმრობაში დატოვეს.