logo
ENG



დავითულიანი EU-ის ანგარიშზე: რაღაც რელევანტურია, რაღაც არა

14 აგვ 202214:11
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების წევრი, დეპუტატი ბექა დავითულიანი ევროკავშირის ანგარიშს აფასებს, რომელიც საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელებას ეხება. 

დავითულიანის მტკიცებით, ევროკავშირის ზოგადი შეფასებაა, რომ "აღმოსავლეთ პარტნიორობის ნაწილში საქართველო რეფორმების კუთხით იყო მოწინავე ქვეყანა და ჯერჯერობით, ასე რჩება, მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ კრიტიკული მოსაზრებები მთელი რიგი მიმართულებებით". 

"რაღაც რელევანტურია, რაღაც არა, რაღაც უბრალოდ კონტექსტის გაუთვალისწინებლად ნათქვამია. მათთვის ბუნებრივია, რომ მთელი რიგი საკითხები ასე უნდა იყოს. ამ ქვეყანაში აღმოჩნდება, რომ კონტექსტი ისეთია, რომ ისე ბუნებრივად, როგორც მათთან ხდება, ვერ ხდება". - ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი. 

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების მორიგი ანგარიში 13 აგვისტოს გამოქვეყნდა. 

მასში აღნიშნულია, რომ 2021 წლის განმავლობაში და 2022 წლის პირველ ნახევარში საქართველოში იყო უკუსვლა ყველა ძირითად სფეროში.

კერძოდ, EU-ს პრობლემად მიაჩნია: 

  • 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეზღუდვები პარლამენტის ფუნქციონირებაში;
  • ადგილობრივი არჩევნების ჩატარების ხარვეზები;
  • 2021 წლის ივლისის ძალადობა ჟურნალისტებისა და ლესბოსელების, გეების, ბისექსუალების, ტრანსგენდერების, ინტერსექს და ქვიარ პირთა (LGBTIQ) წინააღმდეგ შემდგომი არსებითი გამოძიების გარეშე;
  • ცნობები ქართული და დიპლომატიური საზოგადოების ნაწილის მოსმენების შესახებ.

გარდა ამისა, ევროკავშირისთვის საქართველოს ასოცირების გზაზე პრობლემურია შემდეგი საკითხები: 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება; პოლიტიკურად სენსიტიური სასამართლო საქმეები; მედიაგარემო; ღირსების მარშის გაუქმება - 5 ივლისს განვითარებული მოვლენები; გენდერული თანასწორობა და სხვა. 

ანგარიშში ხაზგასმულია პოლიტიკურად სენსიტიური საქმეები, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის საქმე, ნიკა გვარამიას დაპატიმრება, ასევე, ნიკა მელიას დაპატიმრება და ხაზარაძე-ჯაფარიძის სისხლისსამართლებრივი დევნა. 

ევროკავშირმა ასევე ხაზი გაუსვა ომბუდსმენის აპარატზე განხორციელებულ ზეწოლას იმის გამო, რომ ისინი საუბრობდნენ სენსიტიურ საკითხებზე. 


close დახურვა