ქართული ოცნების წევრი ბექა დავითულიანი ბრიფინგზე ოპოზიციის მიერ ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტთან დაკავშირებით დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამით არაფერი შეიცვლება. დავითულიანის თქმით, აქციები ამომრჩეველზე ზეწოლის გამო ხორციელდება და მოქალაქეებს კონსტიტუციური უფლების განხორციელებაში ხელი ეშლებათ.
"ოპოზიციის აქციას რაც შეეხება, ეს მათი გადასაწყვეტია და მათ არავინ უშლის, მაგრამ რაღაც ჯაჭვზე საუბრობენ, ხო? ჩვენ გვახსოვს, სამწუხაროდ, წაგებული ომის მერე ჯაჭვები ხმის გასაგონად და წაგებული არჩევნების მერეც ვნახავთ ჯაჭვს და ეს არაფერს არ შეცვლის. ეს ხდება იმის გამო, რომ ამომრჩეველზე ზეწოლა მოხდეს - ვიღაცამ ვერ შეძლოს საკუთარი არჩევანის გაკეთება, არ მივიდეს და მოერიდოს დაძაბულობას, ხოლო მეორე მხრივ, მოხდეს მისულ ადამიანზე ზეწოლა - რატომ მიდიხარ, როდესაც მე არ ვმონაწილეობო", - აცხადებს დავითულიანი.
დავითულიანი ენმ-ის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ლევან ვარშალომიძის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც საარჩევნო უბნებთან ოცნების მხარდამჭერთათვის მერე ტურის დროს სირცხვილის კორიდორები უნდა მოეწყოს და განაცხადა, რომ ეს არის დემოკრატიასთან შეუთავსებელი ქმედება, რომელიც ძალიან მკაცრ შეფასებას საჭიროებს.
საქართველოში ხვალ, 17 ნოემბერს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ჩამოდის. ხელისუფლების ოპონენტები მდუმარე აქცია-პერფორმანსს მელიქიშვილისა და რუსთაველის გამზირებზე გეგმავენ. ოპოზიციაში მიაჩნიათ რომ მდუმარე ჯაჭვით მაიკ პომპეოს გაყალბებული არჩევნების შესახებ და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ხმას მიაწვდიან.
2008 წლის 1 სექტემბერს, ბრიუსელში ევროპის ქვეყნების ლიდერთა სამიტის პარალელურად, საქართველოსა და მსოფლიო სხვადასხვა ქვეყანაში, ცოცხალი ჯაჭვის აქციით ადამიანებმა 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გააპროტესტეს. 1 სექტემბერი საქართველოს ერთიანობის დღედ გამოცხადდა.