პარტია ლელო საქართველოსთვის წევრის თაზო დათუნაშვილის თქმით, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მოიტყუა, როცა თქვა, რომ რიკოთზე მშენებლობაში ჩართული არცერთი კომპანია სანქცირებული არ არის.
ამის შესახებ დათუნაშვილმა ფორმულას ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, რიკოთზე მშენებლობაში მონაწილე ჩინეთის სახელმწიფო საინჟინრო კომპანია (CSCEC) უკრაინის მიერაა სანქცირებული, როგორც ომის სპონსორი კომპანია.
დათუნაშვილი აცხადებს, რომ გუშინ მინისტრმა ბრიფინგი იმის დასამტკიცებლად გამართა, რომ რიკოთზე მშენებლობებზე "სიმართლეს ამბობდა და ამავე ბრიფინგზე პირდაპირ მოიტყუა".
"ჩემთვის ამ ბრიფინგზე მთავარი, ცალსახა ტყუილი იყო ის, რომ არცერთი კომპანია დღეის მდგომარეობით დასანქცირებული არ არისო. აქ ვირეშმაკობა იყო ჩადებული - უნდოდა ეთქვა, რომ წარსულში კი არის სანქცირებული, მაგრამ დღეის მდგომარეობით არ არისო, მაგრამ აქაც მოიტყუა. დღეის მდგომარეობით ჩინეთის სახელმწიფო საინჟინრო კომპანია არის სანქცირებული უკრაინის მიერ, როგორც ომის სპონსორი კომპანია." - განაცხადა დათუნაშვილმა.
მისი ცნობით, ჩინეთის სახელმწიფო საინჟინრო კომპანია რუსეთის მთავრობის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრაქტორია. შესაბამისად, მინისტრის განცხადება, რომ არცერთი კომპანია სანქცირებული არაა, ტყუილია.
"ეს კომპანია არის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრაქტორი რუსეთის მთავრობის და აწარმოებს დასავლური კომპანიების სამშენებლო ინფრასტრუქტურის ჩანაცვლებას რუსეთში, ანუ სამუშაო სპეც.ტექნიკა შეჰყავს რუსეთში და ანაცვლებს იმ კომპანიებს, რომლებმაც სანქცია დაადეს, მაგალითად, რუსეთის ფედერაციას. აი, ამითაა დაკავებული და სანქცირებულია უკრაინის მიერ. აი ეს მოიტყუა პირდაპირ ეთერში კაცმა, რომლის ბრიფინგსაც ერქვა "დედას ვფიცავარ არ ვიტყუები, დამიჯერეთ". როგორ შეიძლება ან მას ვენდოთ ან ვენდოთ ღარიბაშვილს რომელიც შარშან ვერტმფრენებს გვპირდებოდა და ამისთვის არაფერი გაუკეთებია?" - განაცხადა დათუნაშვილმა.
2023 წლის მარტში უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ, რუსეთის ფედერაციაში უმსხვილესი ჩინური სამშენებლო კომპანია China State Construction Engineering Corporation (CSCEC) ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში დაამატა.
სააგენტოს ცნობით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მიუხედავად CSCEC შვილობილი კომპანიის, Kitaystroy-ის გავლით აგრძელებს რუსეთში საქმიანობას და მისი წარმომადგენლები რუსეთის ხელისუფლების წევრებს ხვდებიან, რათა გააფართოონ რუსეთის სამშენებლო ბაზარზე ოპერირება.
მათი ინფორმაციით, შვილობილი კომპანია CSCEC-ის ინტერესებს წარმოადგენს და მან 2021 წელს რუსეთში მუშაობით 3.7 მილიარდის მოცულობის შემოსავალი მიიღო, კიდევ ერთმა შვილობილმა კომპანია Chinastroy-მ კი ამავე პერიოდში შემოსავლის სახით 35 მილიონი რუბლი მიიღო.
"შესაბამისად, CSCEC აგრძელებს რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის დასპონსორებას, ეს ქვეყანა [რუსეთი] კი ევროპარლამენტმა ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა" - აცხადებს უკრაინის კორუფციის პრევენციის სააგენტო.
პარტია ლელო საქართველოსთვის რიკოთის მშენებლობაზე საერთაშორისო აუდიტის ჩატარებას ითხოვს. პარტიის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, აუცილებელია შემოწმდეს უსაფრთხოება, მეწყერსაშიში ზონები და ფინანსები.
ლელოს ცნობით, სამი ძირითადი კომპანია, რომელიც რიკოთზე სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს, ეჭვმიტანილია სხვადასხვა დანაშაულში და გახვეულია კორუფციულ სკანდალებში მსოფლიო დონეზე.
ლელოს ცნობით, ამ კომპანიების ნაწილი მსოფლიო ბანკის მიერაა სანქცირებული, ასევე ისინი მხილებულნი არიან კორუფციასა და უხარისხო მშენებლობებში.
ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე ამბობს, რომ რიკოთის პროექტის სამშენებლო სამუშაოებში სანქცირებული კომპანიები ჩართულნი არ არიან.
გამართულ ბრიფინგზე ქარსელაძემ თქვა, რომ შესყიდვა ხორციელდება პროექტის დამფინანსებელი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პირობებით, ღია საერთაშორისო ტენდერით, რომელიც განმარტავს, თუ ვის შეუძლია ტენდერში მონაწილეობა და რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს.
საავტომობილო დეპარტამენტმა 11 აპრილს, "მცირე ქვათაცვენის გამო, გზების გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების" მიზეზით რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა აკრძალა. 13 აპრილს რიკოთის უღელტეხილზე საგზაო მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის სპეციალური რეჟიმით ამოქმედდა.