logo
ENG



დათუნაშვილი: რწმუნებულების ინსტიტუტი უნდა გაუქმდეს, ის დეცენტრალიზაციას აფერხებს

10 აპრ 202113:07
3 წუთის საკითხავი
 

ლელო საქართველოსთვის რწმუნებულების ინსტიტუტის გაუქმების ინიციატივით გამოდის. 

გამართულ ბრიფინგზე პარტიის წევრმა, თამაზ დათუნაშვილმა განმარტა, რომ რწმუნებულის ინსტიტუტის შენახვა ბიუჯეტისთვის დიდი ხარჯია და, ამავდროულად, ხელისუფლების მიერ დანიშნული პირის არსებობა რეგიონებში დეცენტრალიზაციისთვის პრობლემას წარმოადგენს. 

„უკანასკნელი წლების მანძილზე ჩატარებული აბსოლუტურად ყველა კვლევა და დასკვნა, რომელიც ეხება თვითმმართველობას და დეცენტრალიზაციას ამ ქვეყანაში, ამბობს, რომ მთავარი გამოწვევა და საფრთხე დეცენტრალიზაციისთვის საქართველოში არის რწმუნებულების ინსტიტუტი. ეს წარმოადგენს ცენტრალური ხელისუფლების მიერ დასმულ პირს, რომელიც ადგილზე მომგვარებლის ფუნქციას ასრულებს და ზრდის კორუფციულ რისკებს. არჩეულ თვითმმართველობას ხელს უშლის ამ ინსტიტუტის არსებობა.

ჩვენს პარტნიორებთან ერთად, როგორც პოლიტიკურ სპექტრიდან, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, დავიწყეთ პროექტი „კონსტიტუცია 100“, რომელიც თავისი არსით მოიაზრებს დიდ რეფორმას დეცენტრალიზაციის თვალსაზრისით.

ჩვენ ვთვლით, რომ სწორედ დეცენტრალიზაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი რომ გავაუქმოთ, როგორც ზედმეტი რგოლი თვითმმართველობის ადმინისტრაციაში“, - აცხადებს დათუნაშვილი.

თამაზ დათუნაშვილმა გამჭირვალობა საქართველოს კვლევაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნით, 2020 წელს რწმუნებულების ხელფასებში, პრემიებსა და სამივლინებო თანხებში ბიუჯეტიდან 5.5 მლნ ლარი დაიხარჯა.


close დახურვა