logo
ENG



დაინფიცირებული ვარსკვლავები და გადადებული მატჩები - კორონავირუსი სპორტს უტევს

12 მარ 202020:29
3 წუთის საკითხავი
 

კოვიდ 19-ის გამო თითქმის ყველა სპორტული ღონისძიება გაუქმდა, ან გადაიდო საქართველოში. კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება ბელორუსის წინააღმდეგ მატჩი, რომელზეც უეფა 17 მარტს იმსჯელებს. თამაშის ჩატარების შემთხვევაში, ის მაყურებლის გარეშე ჩატარდება, როგორც ეს დღეს მთელს მსოფლიოში ხდება. ასევე  კარანტინის გავლა მოუწევს ეროვნული ნაკრების რამდენიმე მოთამაშეს, რომელიც  ევროპის სხვა და სხვა კლუბში თამაშობს. 

კორონავირუსის გამო სპორტული ღონისძიებები საქართველოსა თუ მსოფლიოში გადაიდო, ზოგიც საერთოდ ჩაიშალა. საქართველოს მთავრობის დადგენილებით საქართველოში გასამართი საერთაშორისო, თუ ადგილობრივი ტურნირები შეჩერდა. 

1. საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგა დროებით შეწყდა. ეროვნულ ლიგასთან ერთად შეჩერდა ასაკობრივი ლიგები და დაბალი დივიზიონები;

2. არსებობს შანსი, რომ ევროპულ გუნდებში მოთამაშე ქართველმა ფეხბურთელებმა ქვეყანაში ჩამოსვლა ვერ მოახერხონ.  საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ აქამდე არსებულ 4 ქვეყანას, კიდევ 4 დაემატა და იქედან შემოსული მგზავრებისთვის საზღვარზე შემოწმების შემდეგ კარანტინი ან თვითიზოლაცია სავალდებულო გახდა. ესენია: საფრანგეთი, ავსტრია, ესპანეთი, გერმანია. აქედან გამომდინარე, ავსტრიული "შტურმის" ნახევარმცველს, ოთარ კიტეიშვილსა და ესპანურ "სარაგოსას" შემტევს, გიორგი პაპუნაშვილს შესაძლოა 14 დღიანი თვითიზოლაცია დასჭირდეთ. 

3. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა უეფას მიმართა საქართველო-ბელარუსის თამაშის გადადებასთან დაკავშირებით. 17 მარტს კი უეფა ოფიციალურად მიიღებს გადაწყვეტილებას როგორც ამ მატჩებზე, ისე ჩემპიონთა ლიგასა და ევროპა ლიგაზე. 

4. შეჩერდა რაგბის ეროვნული ჩემპიონატი და ასაკობრივი ტურნირები.

5. დღეს გახდა ცნობილი, რომ რაგბი-ევროპას ბოლო ტურის შეხვედრა, საქართველოსა და რუსეთს შორის, გადაიდო.

6. შეჩერდა ხელბურთის ეროვნული ჩემპიონატი და კალათბურთის ჩემპიონატი.

7. თბილისში გასამართი ძიუდოს გრან-პრი, რომელიც 27-29 მარტს უნდა გამართულიყო, ოფიციალურად გაუქმდა. 

8. მარტის თვეში სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილი იყო არაერთი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღოთ ქართველ სპორტსმენებსაც, თუმცა შესაბამისი საერთაშორისო ფედერაციების გადაწყვეტილებით და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით ეს ღონისძიებები გაუქმდა ან გადაიდო. 

სულ ცოტახნის წინ კი წყალბურთის ეროვნულმა ნაკრებმა განცხადება გაავრცელა. ნაკრები გერმანიიდან დღეს დაბრუნდა და თვითიზოლაციაში წავიდა. 

შეზღუდვები მსოფლიო სპორტსაც შეეხო:

9. ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი, ლა ლიგა შეჩერდა.

10. იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატი, სერია ა შეჩერდა.

11. საფეხბურთო კლუბი მადრიდის „რეალი“ თვითიზოლაციაშია. ამის მიზეზი კი „რეალის“ საკალათბურთო გუნდია, რომლის ერთ-ერთ მოთამაშეს კორონავირუსი დაუდგინდა. კალათბურთელები კარანტინში არიან, ფეხბურთელები კი თვითიზოლაციაში. 

12. ლონდონის „არსენალი“ თვითიზოლაციაშია. მიზეზი „ოლიმპიაკოსთან“ „ევროპა ლიგაზე“ თამაშია, რომლის პრეზიდენტსაც კორონავირუსი დაუდგინდა და „არსენალის“ მოთამაშეებს მასთან კომუნიკაცია ჰქონდათ.

13. კრიშტიანუ რონალდუ თვითიზოლაციაშია. „იუვენტუსის“ ლიდერი სამშობლოში, პორტუგალიაში დაბრუნდა. ის იტალიაში დაბრუნებას არც კი ფიქრობს. 

14. „იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების ფეხბურთელს, დანიელე რუგანის კორონავირუსი ოფიციალურად დაუდგინდა, შესაბამისად გუნდი თვითიზოლაციაშია

15. გადაიდო ჩემპიონთა ლიგის მატჩები (მანჩესტერ სიტი-რეალი და იუვენტუსი-ლიონი).

16. „ბარსელონასა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირება ჯერჯერობით ჩანიშნულია, მაგრამ გულშემატკივრის გარეშე. 

17. გერმანური „ჰანოვერის“ ფეხბურთელს კორონავირუსი ოფიციალურად დაუდგინდა. 

18. რამდენიმე საათში „ევროპის ლიგის“ თამაშებია. ესპანურმა „ხეტაფემ“ უარი თქვა მილანში ჩასვლაზე და „ინტერთან“ დაპირისპირებაზე, შესაბამისად მატჩი გადაიდო. არ ჩატარდება „სევილიასა“ და „რომას“ შეხვედრაც. 

19. ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია შეჩერდა.

20. NBA-ს კალათბურთელს, „იუტა ჯაზის“ ვარსკვლავს, ფრანგ რუდი გობერს კორონავირუსი ოფიციალურად დაუდგინდა. 

21. კორონავირუსი აქვს მის თანაგუნდელსაც, ემანუელ მუდიაის. ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი რომ კიდევ ერთ კალათბურთელს, დონოვან მიჩელსაც აღმოაჩნდა ვირუსი, რომელის მას გობერმა გადადო.

22. „იუტა ჯაზი“ ბოლოს „ტორონტოს“ ეთამაშა და კანადურმა კლუბმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გუნდი თვითიზოლაციაში გაუშვას.

23. „ფორმულა 1-ის“ ბაჰრეინის გრან-პრი გადაიდო

24. ავსტრალიის გრან-პრიზე კი „მაკლარენმა“ უარი თქვა მონაწილეობაზე. 

 


close დახურვა