logo
ENG



დაისაჯონ აზერბაიჯანელი აქტივისტების მკვლელები - მუხთარლიმ გერმანიაში შიმშილობა დაიწყო

08 სექ 202016:55
3 წუთის საკითხავი
 
efnnt7qaryamwuu.jpg

აფგან მუხთარლიმ რამდენიმე ჟურნალისტთან ერთად ბერლინში, გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ოფისის წინ შიმშილობა დაიწყო.

პროტესტის მონაწილეები აზერბაიჯანის ოპოზიციის ლიდერის, ტოფიგ იაგუბლუს და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

ასევე, მუხთარლის და მისი თანამოაზრეების მოთხოვნებია:

  • უზრუნველყოფილი იყოს ეფექტიანი სამკურნალო საშუალებების ხელმისაწვდომობა დაკავებული აქტივისტებისთვის.
  • ელმარ ჰუსეინოვის, რაფიგ ტაგის, რასიმ ალიევის და ბლოგერ მეჰმამ გალანდარლის დამკვეთები წარდგნენ სასამართლოს წინაშე.
  • ევროკავშირის ქვეყნებმა დააწესონ სანქციები ილჰამ ალიევის ოჯახის და აზერბაიჯანის მთავრობის იმ წარმომადგენლების მიმართ, რომლებმაც ქვეყანაში ადამიანების ფუნდამენტური უფლებები დაარღვიეს.

აზერბაიჯანის მთავრობა დევნის ჟურნალისტებს, ბლოგერებს და აქტივისტებს, რომლებიც ალიევის მმართველობას აკრიტიკებენ და მათ დანაშაულებში ამხელენ.

აფგან მუხთარლი 2015 წლიდან თბილისში ცხოვრობდა - მან თავი საქართველოს ალიევის დევნის გამო შეაფარა.

2017 წლის 29 მაისს ჟურნალისტი თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს გაირკვა, რომ ის ბაქოში ჰყავდათ დაკავებული, თუმცა მისი პასპორტი თბილისში მის ცოლს, ლეილა მუსფატაევას ჰქონდა, რომელიც ასევე ჟურნალისტია. მოგვიანებით ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ის თბილისიდან კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს.

მუხთარლი ამბობდა, რომ რომ საქართველოდან ის კრიმინალურმა პოლიციამ გაიტაცა და ამის უფლება მათ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მისცა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი 2020 წლის მარტში გაათავისუფლეს. მანამდე მისმა ოჯახმა თავშესაფარი გერმანიაში მიიღო.


close დახურვა