სინოპტიკოსები ქვეყანაში ამინდის გაუმჯობესებას 3 ნოემბრიდან ვარაუდობენ. რეგიონებში კი უხვ თოვლსა და წყალდიდობას ებრძვიან.
პირველი თოვლი საქართველოს მაღალმთიან რეგიონში დილით მოვიდა და რამდენიმე საათში გზებთან ერთად დასახლებებიც დათოვა. დათოვლილი დასახლებების ფოტო- და ვიდეომასალა სოციალურ ქსელებში ადგილობრივებმა გაავრცელეს. ყაზბეგში, სვანეთში, სამცხე-ჯავახეთში, გურიაში, მაღალმთიან აჭარაში, ბახმაროსა და გოდერძის უღელტეხილზე ამ დრომდე თოვს და ძლიერი ქარია. ბახმაროს კურორტზე თოვლის საფარმა 30 სანტიმეტრს მიაღწია.
უამინდობამ თითქმის მთელი საქართველო მოიცვა. 4-დღიანმა გადაუღებელმა წვიმამ აჭარაში რამდენიმე დასახლება დატბორა. მათ შორის დაიტბორა ბათუმის ქუჩები, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მეწყერი ჩამოწვა, შავ ზღვაზე კი 5-ბალიანი შტორმია.
გადაუღებელმა წვიმამ დააზარალა სამტრედიაც, გომის ადმინისტრაციულ ერთეულში საცხოვრებელი სახლები, სახნავ-სათესი მიწები და შიდა სასოფლო გზები დაიტბორა. ადგილობრივები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ და აცხადებენ, რომ უხვმა ნალექმა მათ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.