logo
ENG



დაკავების ორდერის გამო, პუტინი იოჰანესბურგში BRICS-ის სამიტს ვერ დაესწრება

19 ივლ 202316:43
3 წუთის საკითხავი
clock 609
დაკავების ორდერის გამო, პუტინი იოჰანესბურგში BRICS-ის სამიტს ვერ დაესწრება

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, რუსეთის ლიდერი, ვლადიმერი პუტინი იოჰანესბურგის BRICS-ის სამიტს ვერ დაესწრება. მიზეზი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული რუსეთის პრეზიდენტის დაკავების ორდერია. 

სარ-ის პრეზიდენტის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ორი ქვეყნის ლიდერმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიიღო. 22-24 აგვისტოს სამიტზე რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარმოადგენს. 

როგორც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) რომის სტატუსის ხელმომწერი ქვეყანა, სამხრეთ აფრიკის სამართალდამცავები პუტინის ქვეყანაში ჩასვლის შემთხვევაში, შესაძლოა, იძულებულნი ყოფილიყვნენ, დაეკავებინათ რუსეთის ლიდერი. 

გამოცემა AP News-ის ცნობით,  სამხრეთ აფრიკის ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული ალიანსი“ სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტ კირილ რამაფოსას არწმუნებდა, დაედო პუტინის დაკავების პირობა. რამაფოსას აზრით, ეს შეაფერხებდა ძალისხმევას უკრაინაში ომის დასასრულებლად.

 „რუსეთმა ცხადყო, რომ პრეზიდენტის დაკავება ომის გამოცხადებას ნიშნავს“ - განაცხადა  ასევე სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა და დაამატა, რომ რუსეთთან ომის რისკი მათი კონსტიტუციისთვის შეუსაბამოა. 

BRICS-ის სამიტი არის ხუთი წევრი ქვეყნის (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა)  ლიდერების ყოველწლიური შეხვედრა: სამიტის მიზანია განიხილოს ორმხრივი ინტერესის საკითხები, მათ შორის ეკონომიკური თანამშრომლობა, ვაჭრობა, ინვესტიციები და პოლიტიკური კოორდინაცია. 

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. გარდა ამისა, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე. 

"დღეს, 2023 წლის 17 მარტს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მეორე წინასასამართლო პალატამ უკრაინაში შექმნილი ვითარების კონტექსტში ორი პირის დაკავების ორდერი გასცა: ბ-ნი ვლადიმერ ვლადიმროვიჩ პუტინი და ქ-ნი მარია ალექსეევნა ლვოვა-ბელოვა", - აღნიშნულია ICC-ის განცხადებაში.

საერთაშორისო სასამართლო განმარტავს, რომ რომის სტატუტის რამდენიმე მუხლის დარღვევით პუტინი და ლვოვა-ბელოვა უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციაში არიან ეჭვმიტანილნი.

"რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, სავარაუდოდ, პასუხისმგებელია ომის დანაშაულზე მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციაზე და მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო გადაყვანაზე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეები დასძენენ, რომ მათ აქვთ საკმარისი საფუძველი იფიქრონ, რომ პუტინი პირადად არის პასუხისმგებელი ამ დანაშაულებზე როგორც უშუალო მონაწილე.

ომის დაწყების შემდეგ უკრაინა რუსეთს ბავშვების იძულებით დეპორტაციაში ადანაშუალებს, თუმცა მოსკოვი ყველა ბრალდებას უარყოფს. კიევის მონაცემებით, საუბარია 16 ათას ბავშვზე. 

მიუხედავად პუტინისა და ლვოვა-ბელოვას მიმართ გამოწერილი ორდერისა, ICC-ის სასამართლოს არ აქვს დაკავების უფლებამოსილება და იურისდიქციის განხორციელება მხოლოდ იმ ქვეყნებში შეუძლია, რომლებიც რომის სტატუტის ხელმომწერები არიან. რუსეთი ხელმომწერი სახელმწიფო არაა. 

 

 

 


close დახურვა