logo
ENG



დაკავებულ პოლიციელს ბრალი დაუმძიმდა - სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე ხვალ იმსჯელებს

21 აპრ 202020:30
3 წუთის საკითხავი
 

საზოგადოების დიდი ნაწილის ნეგატიური გამოხმაურებისა და გარდაცვლილ თამარ ანთელავას ოჯახის საჯარო მიმართვის შემდეგ, პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანს დაკავებიდან მეორე დღეს, ბრალი დაუმძიმა.  

ორგანიზებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელ სიმონ გაბრიაძეს, საგამოძიებო ორგანო, ახლა უკვე განზრახ მკვლელობას ედავება. გამოძიების ვერსიით, 13 წლიანი სტაჟის მქონე სამართალდამცავს, წინასწარ ჰქონდა გაცნობიერებული ის  შედეგები, რაც გასროლას შეიძლება მოჰყოლოდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას პატიმრობა 7-დან 15 წლამდე ემუქრება.

ბრალის დამძიმება მოულოდნელი აღმოჩნდა დაცვის მხარისთვის. დაკავებული კი ბრალს არ აღიარებს. მისი უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მომხდარი უბედური შემთხვევაა და გაბრიაძე გასროლით, უბრალოდ აღდგომას აღნიშნავდა. 

როგორც ირკვევა, სოსო გაბრიაძემ საკუთარი საცხოვრებლის მერვე სართულიდან, 13-ჯერ, სამსახურის საკუთრებაში არსებული, რუსული წარმოების „ვიკინგის" ტიპის იარაღიდან გაისროლა. ერთი ტყვია კი, პარალელურ ქუჩაზე, 560 მეტრის დაშორებით, მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულზე შევარდა და 50 წლის ქალი, ოჯახის წევრების თვალწინ, ადგილზე მოკლა.

პროკურატურამ ასევე დაადასტურა „ფორმულანიუსის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბრალდებულთან სახლში, შს სამინისტროს სხვა თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ და საგანგებო ვითარების მიუხედავად, აღდგომას აღნიშნავდნენ. თუმცა გამოძიება ამბობს, რომ გასროლის დროს ისინი უკვე წასულები იყვნენ

გამოძიების ობიექტურად ჩატარებას ითხოვს გარდაცვლილის ოჯახი. თამუნა ანთელავას სიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში, დაკავებულ პოლიციელს დანაშაულის აღიარებას სთხოვს.

გაბრიაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო ხვალ იმსჯელებს. სახელმწიფო ბრალდება მის პატიმრობაში დატოვებას, ხოლო დაცვის მხარე მუხლის შემსუბუქებას მოითხოვს. 


close დახურვა