logo
ENG



დამასკოში, სადაც ვიზიტით ემანუელ მაკრონი იმყოფება, აფეთქება მოხდა

07 ივლ 202615:06
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/07/4p3u6gmslbtzv6i.png

სამშაბათს, 7 ივლისს, დამასკოში, სასტუმრო Four Seasons-თან ახლოს აფეთქებები დაფიქსირდა. ფრანგული და სირიული წყაროების ცნობით, სწორედ ამ სასტუმროში გაატარა ღამე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სირიის პრეზიდენტთან, აჰმედ ალ-შარაასთან შეხვედრამდე.

აფეთქებების მომენტში მაკრონი უკვე საპრეზიდენტო სასახლეში იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაღუპულა, თუმცა დაშავდა სულ მცირე 18 ადამიანი, მათ შორის 4 პოლიციელი.

სირიის არაბული საინფორმაციო სააგენტოს (SANA) განცხადებით, ორი აფეთქება Four Seasons-ისა და სირიის ტურიზმის სამინისტროს მიმდებარედ იმ დროს მოხდა, როდესაც უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები საველე ოპერაციის დროს აღმოჩენილი ასაფეთქებელი მოწყობილობების გაუვნებელყოფას ცდილობდნენ.

სააგენტოს ცნობით, ორივე მოწყობილობა „პრიმიტიული“ მეთოდით იყო დამზადებული. პირველი მათგანი გზის პირას გაჩერებულ ავტომობილში იპოვეს, მეორე კი - ნაგვის კონტეინერში. აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. თავდასხმის მოტივებისა და ორგანიზატორების დასადგენად დაწყებულია გამოძიება.

ემანუელ მაკრონის სტუმრობა დასავლელი ლიდერის პირველი ოფიციალური ვიზიტია სირიაში 2024 წლის დეკემბერში ასადის რეჟიმის დაცემის შემდეგ. ის მესამე სახელმწიფოს მეთაურია, რომელიც ამ პერიოდში სირიას ეწვია - ყატარის ემირ შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის (2025 წლის იანვარი) და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის (მიმდინარე წლის აპრილი) ვიზიტების შემდეგ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ X-ზე მხარდამჭერი განცხადება გამოაქვეყნა:

„ვერაფერი ჩაახშობს სირიელი ქალებისა და კაცების მისწრაფებას, იცხოვრონ სრულად სუვერენულ, უსაფრთხო, პლურალისტურ და ერთიან სირიაში.

დღეს დილით მე შევხვდი სირიას მთელი თავისი მრავალფეროვნებით. დავინახე ღირსება, გამბედაობა და სიმტკიცე. ჩემი ვიზიტი გრძელდება“.


close დახურვა