logo
ENG



დამატებით არც ერთი დეტალი მითქვამს - ქაშიაშვილის გამოკითხვა დასრულდა

03 აგვ 202011:33
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროში "შაბათის ფორმულას"  წამყვანის დავით ქაშიაშვილის გამოკითხვა  დასრულდა. უწყებიდან გამოსვლის შემდეგ ქაშიაშვილმა თქვა, რომ გამოძიებისთვის თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან და მის წყაროსთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები არ უთქვამს.

ქაშიაშვილის თქმით, გამოძიებას მისთვის კითხვები არ დაუსვამს.

"დამატებით არც ერთი დეტალი მითქვამს. ვისარგებლე პროფესიული, ალბათ, უფრო ვალდებულებითა და ეთიკით, რადგან არსებობს ძალიან მაღალი საფრთხე წყაროს გამჟღავნებისა. წყარო არის სანდო, გადამოწმებული და არის საგამოძიებო უწყებიდან. კითხვა საერთოდ არ დასმულა, უბრალოდ, მე და ადვოკატმა განვუმარტეთ, რომ ამ მიზეზების გამო, დამატებით ინფორმაციას ვერ გავცემდით. ამის საშუალება რომ მქონოდა, ჩვენსავე რეპორტაჟში მოვყვებოდით. წყაროს მოწოდებული მთელი რიგი საკითხები ეთერში არ ვთქვით", - აღნიშნა ტელეწამყვანმა.

შეგახსენებთ, რომ 1 აგვისტოს, "შაბათის ფორმულამ" საგამოძიებო უწყებიდან სანდო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაჩალიაშვილმა სამი მაღალჩინოსნის მაკომპრომეტირებელი მასალები მოიპოვა.

2 აგვისტოს კი დავით ქაშიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.


close დახურვა