logo
ENG



დამოუკიდებელმა დეპუტატებმა პარლამენტში ახალი ანტიკორუფციული კანონმდებლობა წარადგინეს

01 სექ 202011:27
3 წუთის საკითხავი
clock 392
nfg8feddadpujbm.jpg

დამოუკიდებელმა დეპუტატებმა - თამარ ჩუგოშვილმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა და ირინა ფრუიძემ - პარლამენტში ახალი ანტიკორუფციული კანონმდებლობა წარადგინეს. ჩუგოშვილის თქმით, წარდგენილი დოკუმენტი რამდენიმე ასეული გვერდისგან შედგება და კორუფციასთან ბრძოლის სამ მიმართულებას ითვალისწინებს:

1. კორუფციული დანაშაულის გამოძიება. 

2. პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კონტროლი.

3. თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი. 

ჩუგოშვილის თქმით, კორუფციასთან ეფექტიანი ბრძოლისთვის აუცილებელია ქვეყანაში დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ინსტიტუტი არსებობდეს. დეპუტატი ამბობს, რომ წარდგენილი კანონპროექტი სწორედ ასეთი ინსტიტუტის, "ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს" შექმნას ითვალისწინებს. 

"კორუფციასთან ბრძოლის ინსტიტუტები უნდა იყოს სრულიად დამოუკიდებელი, უნდა იყოს მაღალი ლეგიტიმაციის და სამივე საკითხს - პოლიტიკურ დაფინანსებას, კორუფციული დანაშაულების გამოძიებას და თანამდებობის პირების შემოსავლების დეკლარაციების კონტროლს უნდა ახორციელებდეს დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც არის ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტო", - განაცხადა ჩუგოშვილმა. 

ჩუგოშვილი ამბობს, რომ საქართველოში კორუფციასთან დაკავშირებით პრობლემებზე ევროპარლამენტის რეზოლუციებში, ისევე როგორც კონგრესმენების განცხადებებსა და წარმომადგენელთა პალატის მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტებში ვკითხულობთ. შესაბამისად, მისი თქმით, ინიცირებულ კანონთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პროცესს აქტიურად დააკვირდებიან საერთაშორისო პარტნიორებიც. 

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც უნდა მივიღოთ, თუ რეალურად გვინდა, რომ ქვეყანაში კორუფცია არ გვქონდეს, კორუფციის მიმართულებით ვითარება არ გაგვიუარესდეს, ამისთვის ამ საკანონმდებლო ინიციატივის მიღება არის უაღრესად მნიშვნელოვანი და ჩემი აზრით, ამას ძალიან დეტალურად მიადევნებენ თვალს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, თუ რას გადაწყვეტს და რას გააკეთებს პარლამენტი ამ საკითხთან დაკავშირებით", - ამბობს ჩუგოშვილი. 

კორუფციასთან ბრძოლის დამოუკიდებელი ინსტიტუტის არსებობის მნიშვნელობაზე საუბრობს კანონპროექტის კიდევ ერთი ინიციატორი, დიმიტრი ცქიტიშვილი. მისი თქმით, ახალი კანონპროექტი კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით ვითარებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. 

"ეს არის სისტემური მიდგომა კორუფციასთან ბრძოლის", - ამბობს ცქიტიშვილი. 

საქართველოში კორუფციული ვითარების გაუარესების შესახებ საერთაშორისო გამოცემა Bellingcat-მა 1 აგვისტოს სტატია გამოაქვეყნა. სტატია Covid-19-ის პანდემიის დროს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კორუფციის შესაძლო ფაქტებს ვრცლად მიმოიხილავს. იხილეთ სტატია სრულად


close დახურვა