ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერით გამორჩეული სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს 26 მაისს ულოცავს და იმ გამოწვევებს ასახელებს, რომლის დაძლევაშიც თითქმის 30 წელია განუხრელად ეხმარება. 4 ნახევარი მილიარდი დოლარი ის პირდაპირი დახმარებაა, რომელიც ამერიკის სახელმწიფომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებიდან დღემდე გამოუყო.
ამერიკის წვლილი შეუდარებელია დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერაშიც. მოლოცვასთან ერთად მთავარი გზავნილებიც სწორედ პოლიტიკურ პლურალიზმს, კანონის უზენაესობას და ეკონომიკის დივერსიფიკაციას ეხება. სახელმწიფო მდივანი, გავლენიანი კონგრესმენი, ელჩი და პირველ რიგში ამერიკის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობას წერს, რომ მოპოვებული დამოუკიდებლობის შენარჩუნების და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა დემოკრატიაზე გადის.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით შეერთებული შტატების ადმინისტრაციის პირველი პირების მისალოც გზავნილებში ხაზგასმულია ის გამოწვევები, რომლებიც საქართველოს დემოკრატიას აქვს და რომელთა მნიშვნელობაში საქართველოს მთავრობის დარწმუნებას სტრატეგიული პარტნიორი მუდმივად ცდილობს. დონალდ ტრამპის წერილი ხაზს უსვამს, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გასაღები დემოკრატიის და ეკონომიკის განვითარებაა.
კანონის უზენაესობის და სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მილოცვაშიც არის ხაზგასმული. მაიკ პომპეო აქცენტს აკეთებს ამ კუთხით რეფორმებზე.
ამერიკელი პარტნიორების მოლოცვებში მკაფიო გზავნილები პოლიტიკოსებმაც დაინახეს. ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა, ჩვენს პარტნიორობაში სწორედ დემოკრატიას ენიჭება.
ამერიკის პრეზიდენტის და სახელმწიფო მდივნის მილოცვებში, როგორც ყოველთვის გამოხატულია მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ. ასევე, მის ევროატლანტიკურ ოჯახში გაწევრიანების გზაზე. დაფასებულია გლობალურ უსაფრთხოებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ შეტანილი წვლილი, ქართველი სამხედროების სიმამაცე და გაღებული მსხვერპლი.