დანიამ რეფერენდუმით მხარი დაუჭირა ევროკავშირის თავდაცვის ერთიან პოლიტიკასთან (CSDP) შეერთებას.
რეფერენდუმში 67%-მა მხარი დაუჭირა ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკაში მონაწილეობაზე დანიის უარის გაუქმებას. აღსანიშნავია, რომ დანიაში ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხზე გამართული რეფერენდუმებიდან უდიდესი მხარდაჭერა სწორედ ამ რეფერენდუმმა მოიპოვა.
დანია ევროკავშირის ერთადერთი წევრი ქვეყანაა, რომელიც ბლოკის თავდაცვის და უსაფრთხოების პოლიტიკის ნაწილი არაა.
ამ პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირის წევრები ოპერაციულ მისიების გამართვა შეუძლიათ, რომელთა მიზანი მშვიდობის შენარჩუნება და მესამე ქვეყნებში საერთაშორისო უსაფრთხოების გაძლიერებაა.
დანიის პრემიერმინისტრი მეტე ფრედრიქსენი აცხადებს, რომ რეფრენდუმის შედეგები მკაფაიო სიგნალია როგორც მოკავშირეებისთვის, ასევე რუსეთისთვის.
„ჩვენ გავუგზავნეთ სიგნალი მოკავშირეებს NATO-ში, ევროპაში. და ჩვენ გვაქვს მკაფიო სიგნალი პუტინისთვის.
როცა პუტინი იჭრება თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში, როცა პუტინი საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას ჩვენ ყველა უფრო ახლოს მივდივართ ერთმანეთთან“ - განაცხადა ფრედრიქსენმა რეფერენდუმის შედეგების გამოცხადების შემდეგ.
დანიის საერთაშორისო კვლევის ინსტიტუტის მკვლევარი, ქრისტინე ნისენი აცხადებს, რომ ამ შედეგს ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პრაქტიკული ცვლილებები არ მოჰყვება თუმცა ეს ბრიუსელის მხრიდან პოზიტიურად იქნება აღქმული.
„ეს იმ ზოგადი ტრენდის ნაწილია ახლა, როცა ქვეყნები ერთმანეთს უფრო უახლოვდებიან“ - განაცხადა ნისენმა Reuters-თან ინტერვიუში.
დანია NATO-ს ერთ-ერთი თანადამფუძნებელია. ალიანსის უდიდესმა სამხედრო ძალამ, აშშ-მ კი ევროპელ მოკავშირეებს ცოტა ხნის წინ მოუწოდა, რომ საკუთარი უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობით იზრუნონ.
ასევე ისტორიულია შვედეთისა და ფინეთის გადაწყვეტილებები NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამის პარალელურად კი დანიამ და გერმანიამ თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდაზე ისაუბრეს.
საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკასთან შეერთებით დანიას შეეძლება ისეთი საერთო სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობა, როგორიც სომალიში, მალიში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში იმართება და ის სხვა ქვეყნებთან ერთად სამხედრო უნარებისა და შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე იმუშავებს.