logo
ENG



დანილოვი ოცნებაზე: ჩვენი სისხლით სურთ დაიბრუნონ მიწა, თან ჩვენს მოქალაქეებს დასცინიან

02 თებ 202310:39
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/02/ect47unrxrdyvl3.jpg

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი ალექსეი დანილოვი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის Bloomberg-თან ინტერვიუს ეხმაურება.

როგორც დანილოვმა აღნიშნა, "საქართველოს ხელისუფლებას, უკრაინელი ხალხის სისხლის ფასად, სურს დაიბრუნოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები".

დანილოვმა საქართველოს ხელისუფლებას ისიც გაახსენა, რომ ომში მყოფმა ქვეყანამ თბილისს დახმარებისთვის მიმართა, თუმცა უშედეგოდ. ის მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში დაბრუნების შესაძლებლობა მისცენ. 

"დღეს მოვისმინე საქართველოს პრეზიდენტის განცხადება, რომელიც მიიჩნევს, რომ ჩვენ მოვაწერთ რაიმე სახის სამშვიდობო ხელშეკრულებას რუსეთთან. ამბობს, რომ ჩვენ უნდა შევიყვანოთ ამ შეთანხმებაში საქართველოს ის ნაწილი, რომელიც 2008 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ იყო ოკუპირებული. მაგრამ როდესაც მარტში ქართველ ძმებს ვუთხარი: მოდით დაგვეხმარეთ და ერთად ვიმუშაოთ, საქართველოს ხელისუფლება დუმდა. თანაც შენიშვნაც მომცეს, თითქოს მათ საქმეებში ვერევი. 

ახლა კი სურს ჩვენს გამარჯვებას მოეჭიდოს და მიიჩნევს, რომ ეს საჭიროა. შეიძლება ეს საჭიროცაა, მაგრამ ამასთან ჩვენს მოქალაქეებს ადამიანურად უნდა მოექცეთ. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე სააკაშვილი ციხეშია. გამოიჩინეთ მცირე პატივისცემა მაინც, რომ არ დასცინოთ უკრაინის მოქალაქეს და გამოუშვათ ის კიევში. არ ვიცი რომელ სამყაროში ცხოვრობენ ისინი. ერთის მხრივ, ჩვენი სისხლით უნდათ დაიბრუნონ მიწა, მეორე მხრივ კი ჩვენს მოქალაქეებს დასცინიან. ეს უბრალოდ მიუღებელია", - თქვა დანილოვმა.

***

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ომის დასრულების შემდეგ გაფორმებულ სამშვიდობო შეთანხმებაში, რუსების მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დატოვებაც უნდა ჩაიწეროს.

როგორც ზურაბიშვილმა Bloomberg-თან ინტერვიუში აღნიშნა, მაგიდაზე საქართველოს საკითხიც უნდა დაიდოს, რადგან არავინ უნდა იფიქროს, რომ ეს ომი შეიძლება რუსეთს მიერ ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან გასვლის გარეშე გადაწყდეს.  

 


close დახურვა