საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, იმედა დარსალია არხის მენეჯმენტის მიერ დაბლოკილი ჟურნალისტების და თემების სიის ნაწილს ასაჯაროებს.
დარსალიამ, რომლის საავტორო გადაცემა, ახალი კვირა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2022 წლის თებერვლიდან დახურა, ამბობს, რომ აკრძალული იყო რუსეთის, საბჭოთა კავშირის და ბელარუსში, ალექსანდრ ლუკაშენკოს კრიტიკა.
დარსალიასვე თქმით, დღეს, 25 მარტს დასახელებული ადამიანები და თემები მხოლოდ ერთი კონკრეტული ჟურნალისტისთვის გაკეთებული შავი სიაა.
კერძოდ, იმედა დარსალიამ თქვა, რომ ჟურნალისტს აეკრძალა, ჩაეწერა:
- რონდელის ფონდის თანამშრომლების უმეტესობა;
- ზურა პატიაშვილი;
- ბუკა პეტრიაშვილი;
- თინა ხიდაშელი;
- ლაშა ბაქრაძე - აკრძალული იყო მასთან ინტერვიუ საბჭოთა კავშირის შესახებ სიუჟეტებისთვის.
- ეკა აკობია;
- ლელა ჯეჯელავა;
დარსალიასვე განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებკლის მიერ დაბლოკილია ატლანტიკური საბჭოს ქართული წარმომადგენლობა.
"ჟურნალისტმა ორჯერ ჩაწერა ბათუ ქუთელია რუსულ პროპაგანდაზე და ორივეჯერ შენიშვნა მიიღო". - თქვა მან.
რაც შეეხება თემებს, იმედა დარსალიას თქმით:
"დაიბლოკა საბჭოთა კავშირის სამხედრო დანაშაულზე სიუჟეტი, რასაც კონფლიქტი მოჰყვა გუნდში.
დაიბლოკა ბელარუსის აქციები ანალიტიკურ ჭრილში - არხის მენეჯმენტს არ უნდოდა, რომ ლუკაშენკოს რეჟიმისადმი რეპორტაჟი კრიტიკული ყოფილიყო, რაც კატასტროფაა. ჟურნალისტი გააფრთხილეს, რომ ეკრძალება რუსეთზე ცუდის დაწერა და პარალელი გაავლეს ამერიკასთან. ვციტირებ: "როგორც ამერიკაზე არ უნდა დავწეროთ ცუდი, ისე რუსეთზე - რადგან ჩვენი მაყურებლის გარკვეული ნაწილი პრორუსია".
გარდა ამისა, იმ ჟურნალისტებს, რომლებიც არხზე ცენზურასა და უფლებადარღვევებზე ხმამაღლა ლაპარაკობენ, არ ეძლევათ მუშაობის და მედიაპროდუქტების შექმნის საშუალება.
ჟურნალისტი თამთა ჯანაძე, რომელიც ქართული შიდა პოლიტიკის საკითხებზე მუშაობს, ამბობს, რომ ჟურნალისტების ნაწილი ცდილობდა, არხის მენეჯმენტის მხრიდან ცენზურის მცდელობებს შეწინააღმდეგებოდა და ხშირად წარმატებასაც აღწევდა. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოებრივ მაუწყებელზე 4 წლის განმავლობაში ვერ იმუშავებდნენ.
"მენეჯმენტი ცდილობდა, ხელისუფლების მიმართ კრიტიკული კომენტარები ან საერთოდ ამოეღო, ან შეემოკლებინა. გარდა ამისა, ძალიან გვიჭირდა კვირის მთავარ პოლიტიკურ, მწვავე თემებზე მუშაობა, რადგან გვეუბნებოდნენ, რომ კვირის განმავლობაში ეს ძალიან გადაიღეჭებოდა მოამბის მიერ და აღარ იქნებოდა საინტერესო. მე ვგულისხმობ ლუკა სირაძის, სარალიძის საქმეებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების თემებს, ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციების საკითხების გაშუქებას". - განაცხადა თამთა ჯანაძემ.
მისივე თქმით, ჟურნალისტები მაინც იღებდნენ ინტერვიუებს დაბლოკილი რესპონდენტებისგან, მაგრამ "ეს ნიშნავდა ხანგრძლივ კონფლიქტებს მენეჯმენტთან".
მათ ინტერესებს საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო იცავს.
ჟურნალისტები სახალხო დამცველს სთხოვენ, დაადგინოს შესაძლო დისკრიმინაციული მოპყრობა მათ მიმართ.
განახლება: საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ დარსალიას განცხადების პასუხად მხოლოდ ის თქვა, რომ "აბსურდზე კომენტირეა მისი ძლიერი მხარე არაა".