logo
ENG



დარჩიაშვილი: გოჩა ჯავახიშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს და ყველა ღირსეულ დიპლომატს

10 მაი 202411:23
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/10/itzx09nfgv61582.jpg

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საფრანგეთში საქართველოს ელჩის გოჩა ჯავახიშვილის გადადგომასთან დაკავშირებით Facebook-ზე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ყოფილმა ელჩმა გადაწყვეტილებით "შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს და ყველა ღირსეულ დიპლომატს".

"მსურს გამოვეხმაურო გოჩა ჯავახიშვილის განცხადებას, რომელიც მან ჩემ მიერ მისი თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერებიდან რამდენიმე საათში გააკეთა.

ამ განცხადებით გოჩა ჯავახიშვილმა, ნებსით თუ უნებლიეთ, შეურაცხყოფა მიაყენა როგორც სახელმწიფოს, ისე უწყებას, რომელშიც მრავალი წელი იმსახურა, აგრეთვე თითოეულ ღირსეულ დიპლომატს, რომელიც ერთგულად ემსახურება ქართული სახელმწიფოს ინტერესებს.

უკანასკნელი წლების განმავლობაში გოჩა ჯავახიშვილი უმაღლესი პოზიციიდან - ელჩის რანგში - წარმოადგენდა ჩვენს ქვეყანას ერთ-ერთ წამყვან ევროპულ სახელმწიფოში და ყველაზე კარგად უნდა უწყოდეს, რა ძალისხმევა გავწიეთ ამ პერიოდში საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად.

საქართველოს დიპლომატიური სამსახური ყოველთვის იდგა და დგას მოწოდების სიმაღლეზე და სრულად აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე. ჩვენი უწყების თანამშრომლებმა განუზომელი წვლილი შეიტანეს საქართველოს ევროპული მომავლის შეუქცევადობაში და აუცილებლად მიიყვანენ ბოლომდე ევროკავშირში ინტეგრაციის საქმეს. ეს ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის ღირსეული და სრულუფლებიანი წევრი.

გოჩა ჯავახიშვილმა კი, სამწუხაროდ, ამ საქმეში მონაწილეობის შანსი საკუთარი გადაწყვეტილებით გაუშვა ხელიდან", - წერს ის. 

გოჩა ჯავახიშვილმა საფრანგეთში საქართველოს ელჩის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ დღეს განაცხადა, ის ამ გადაწყვეტილებას რუსული კანონის განხილვას უკავშირებს.

ჯავახიშვილი პირველი მოქმედი ელჩია, რომელმაც რუსული კანონის მიმართ პროტესტი გამოხატა.

ფეისბუქის პოსტში იგი აღნიშნავს, რომ რუსული კანონის განხილვა ართულებს მისი, როგორც საფრანგეთის რესპუბლიკასა და მონაკოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მისიას.

"ის გარემო და განწყობა, რომელიც რეინკარნირებული კანონპროექტის გამო ჩვენს მეგობრებთან და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობაში შეიქმნა, უკიდურესად ართულებს პირადად ჩემი, როგორც საფრანგეთის რესპუბლიკასა და მონაკოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მისიას. შესაბამისად, უკვე მივმართე ჩემს უშუალო ხელმძღვანელობას თხოვნით, ვადამდე შემიწყდეს დაკავებულ თანამდებობაზე უფლებამოსილება", - წერს ჯავახიშვილი.


close დახურვა