logo
ENG



დაუკრძალავი გარდაცვლილი და დაკავებულის გაუჩინარებული ნათესავები - რა ხდება ახალქალაქში

12 აგვ 202020:03
3 წუთის საკითხავი
 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გულიკამში, გლოვის დღეა გამოცხადებული. ადგილობრივების მიერ ორი დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია, რომ 27 წლის ახალგაზრდა დაკრძალეს, სიმართლე არ აღმოჩნდა. ახლობლები ამ ფაქტს პირად საუბრებში იმით ხსნიან, რომ გარდაცვლილის პატივსაცემად შორს მცხოვრებმა ნათესავებმა ჩამოსვლა ვერ მოახერხეს.

"ფორმულას" ინფორმაციით, სწორედ დაკრძალვას ელოდებიან სამართალდამცველებიც, რომლებიც სოფლის შესასვლელთან პატრულირებას ამ დრომდე აგრძელებენ. რატომ დგას პოლიცია სოფლის შესასვლელში, გულიკამელებმა კვლავ არ იციან.

ერთ-ერთი ვერსიით სწორედ სოფელ გულიკამში მცხოვრები ახალგაზრდები მონაწილეობდნენ 8 აგვისტოს ახალქალაქში მომხდარ ხალხმრავალ დაპირისპირებაში. გარდაცვლილის ოჯახი კომენტარს არ აკეთებს, გულიკამში კი ამბობენ, რომ განვითარებულ მოვლენებში დამნაშავე არტურ გაბრიელიანია. ისინი არ იზიარებენ გაბრიელიანების ოჯახის პოზიციას, რომ ბრალდებული უბრალოდ თავს იცავდა.

ახალქალაქში დღესაც არ გამოჩენილან განზრახ მკვლელობისთვის დაკავებული არტურ გაბრიელიანიას ოჯახის წევრები. მათი ახლობლები ამბობენ, რომ ხელმეორე შურისძიების შიშით, ოჯახმა ახალქალაქი დატოვა. მძიმეა ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რის გამოც ის სამკურნალოდ თბილისში გადმოიყვანეს.

ახალქალაქში დღეს დილიდან სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზება შეინიშნებოდა. "ფორმულას" გადამღებმა ჯგუფმა ქალაქის პოლიციის მთავარ შენობასთან შეიარაღებული სამართალდამცველები დააფიქსირა. კონკრეტულად რისთვის ემზადებიან ისინი, შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ კითხვაზე არ გვპასუხობენ. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ მსგავსი მობილიზება შესაძლო დაპირისპირების პრევენციას უკავშირდება.

ხუთი დღის წინ მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე დაკავებული მხოლოდ ერთი პირი ჰყავს, რომელმაც მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თავისუფლებას საპატიმრო დაწესებულებაში დარჩენა ამჯობინა. დაპირისპირებაში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით ვახტანგ გომელაურის უწყება გამოძიებას აგრძელებს.


close დახურვა