logo
ENG



დაუმორჩილებლობის მორიგი აქცია - გიდებმა მუშაობა თვითნებურად განაახლეს

06 თებ 202112:45
3 წუთის საკითხავი
 

გიდებმა მუშაობა თვითნებურად განაახლეს. 

ამ წუთებში თბილისის 3 პარალელური ტური მიმდინარეობს. 

ერთ-ერთი მათგანი მეტეხის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო. მეორე - ბარათაშვილის ქუჩიდან. 

"ერთი წელია, ტური არ ჩატარებულა. ერთი წელია, ხალხი შემოსავლის გარეშეა. ყველაზე უხეში დათვლებით, 5000-დან 7000-მდე მერყეობს ამ სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა. ყველა მათგანის უკან ოჯახი და შვილები დგას". - თქვა გიდმა ალექსანდრე პაიკიძემ, რომელიც გუნდთან ერთად ბარათაშვილის ქუჩაზე მივიდა. 

ის შავთელის ქუჩიდან ღვინის ტურს გაუძღვა. პაიკიძემ თქვა, რომ არაერთი ქვეყნის დასახელება შეიძლება, სადაც ტურიზმის სფერო ან თავისუფალი იყო, ან რეგულაციებით მუშაობდა, თუმცა, სრულად არ ჩაკეტილა. 

გიდმა, რომელმაც ტური მეტეხის ხიდიდან დაიწყო, თქვა: 

"ბოლოს ტური ჩავატარე 10 თებერვალს შარშან, 1 წლის წინ. ისეთი ემოცია მაქვს, თითქოს პირველად ვატარებ ტურს. 2002 თუ 2003 წელი იყო, როცა პირველად ვიყავი გიდი. თითქოს ისევ ისე ვარ. ამაში საშიში არაფერია. ეს არის საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო რეკლამა. ბიზნესი, რომელიც ქვეყანას მესამედით არჩენდა, გაჩერებულია. ჩვენ გვინდა მუშაობა. არ ვითხოვთ სუბსიდირებას, ვითხოვთ მუშაობის უფლებას. საქართველოს გარდა, ყველა ქვეყანა ყიდის ტურებს". 


close დახურვა