შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ბართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით, რაც იზოლაციის და კარანტინის წესის განმეორებით დარღვევას გულისხმობს.
შსს-ში აცხადებენ, რომ ზურაბ ჯაფარიძე საქართველოს მთავრობის დადგენილების მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, შრომის პირობების ინსპექტირების სამსახურმა 14 თებერვალს 2 000 ლარით დააჯარიმა.
"ასევე დადგინდა, რომ ბარმა კვლავ განაგრძო მუშაობა და აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას ეწეოდა, კერძოდ, ფუნქციონირებდა როგორც ღამის კლუბი და ბარი, სადაც მოქალაქეები 21:00 საათის შემდეგაც იმყოფებოდნენ. განმეორებით აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით, რაც იზოლაციის და კარანტინის წესის განმეორებით დარღვევას გულისხმობს", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ბარი - ჯაფარასთან 13 თებერვალს დაუმორჩილებლობის ნიშნად გაიხსნა . ჯაფარიძის თქმით, ამ ფორმით ის მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს ეწინააღმდეგება. გარდა ამისა, ჯაფარიძე აცხადებდა, რომ დალუქვის შემთხვევაში, ის ბარს მაინც გახსნიდა და ბარი საქმიანობას იქამდე გააგრძელებდა, სანამ არ დააკავებდნენ.
ბარის გახსნიდან რამდენიმე საათში ადგილზე შრომის ინსპექცია და პატრულიც იყო მისული. მათ ზურაბ ჯაფარიძეს 2 000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს. ჯაფარიძის თქმით, ის ჯარიმის გადახდას არ აპირებს.