დაჭრილ და სასტიკად ნაცემ გლოვოს კურიერს ოპერაცია გვიანობამდე უტარდებოდა. ექიმის თქმით, ის ახლა მკურნალობას პოსტოპერაციულ პალატაში განაგრძობს.
"წარმატებით ჩაიარა ოპერაციამ, პაციენტი ამ ეტაპზე იმყოფება პოსტოპერაციულ განყოფილებაში, აგრძელებს მკურნალობას კლინიკაში. როდის გაეწერება კლინიკიდან, ჯერ არ არის ცნობილი", - თქვა ორთოპედ-ტრამვატოლოგმა ნინო რამიშვილმა.
გლოვოს კურიერზე თავდამსხმელი შსს-ს ამ დრომდე არ დაუკავებია. დამნაშავე ისევ მიმალვაშია. გამოძიება 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
შემთხვევა ნუცუბიძეზე 2 დღის წინ მოხდა. დაშავებულ თემო სიგუას, ფეხში 3 ტყვია აქვს მოხვედრილი.
დედის განცხადებით, სიგუამ კლიენტთან ბოლო შეკვეთა დატოვა, რის შემდეგაც მას დაურეკეს და უთხრეს, რომ პროდუქტს გარკვეული ინგრედიენტი აკლდა. სწორედ ამას მოჰყვა თავდასხმა კურიერზე.