logo
ENG



დაჭრილი პატიმარი გურამ სვანიძე გარდაიცვალა

25 აგვ 202214:55
3 წუთის საკითხავი
 

პატიმარი გურამ სვანიძე კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაცია ფორმულას ოჯახმა დაუდასტურა. ის თავის არეში მიყენებული ჭრილობით კავკასიის მედიცინის ცენტრში იყო გადაყვანილი.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში 28 წლის პატიმარმა ციხის ბადრაგს ცეცხლსასროლი იარაღი ამოაცალა და თავის არეში დაზიანება მიიყენა. შემთხვევა 20 აგვისტოს მოხდა. სამსახურის ცნობით, პატიმარი ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს თანამშრომელს უკნიდან მიეპარა, იარაღი წაართვა და 3-ჯერ ისროლა: ერთხელ უმისამართოდ, მეორედ სამმართველოს თანამშრომლის მიმართულებით, ბოლოს კი თვითდაზიანება მიიყენა.

ამ საქმეზე პენიტენციურის თანამშრომელი 22 აგვისტოს დააკავეს. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიება სამსახუროებრივი გულგრილობის ფაქტზე მიმდინარეობს.

ოჯახის თქმით 28 წლის გურამ სვანაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2 კვირის წინ შეეფარდა და გლდანის ციხეში იხდიდა სასჯელს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კი ის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა ოჯახის თქმით, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში გადაყვანიდან 1 დღის შემდეგ პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრის უკან, გლდანის ციხეში დაბრუნება გადაწყვიტა. შემთხვევა კი ამ დროს მოხდა.

ოჯახის ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა მათ უთხრა, რომ პატიმარმა ცენტრიდან ციხეში გადაყვანისას ციხის ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია, ცეცხლსასროლი იარაღი წაართვა და თვითდაზიანებები მიიყენა. ოჯახი ამ ვერსიას უარყოფს.


close დახურვა