logo
ENG



დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ძალებმა ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე დამკვირვებელი დროებით დააკავეს

24 ოქტ 201923:48
3 წუთის საკითხავი
 
4agbe04hfkz79kp.jpg

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი, რომელიც ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე 24 ოქტომბერს პატრულირებდა, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დროებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ავრცელებს.

სადამკვირვებლო მისიის ცნობით, ის არეალი, სადაც მათი დამკვირვებელი დააკავეს, საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაა.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ღრმად შეშფოთებულია ამ შემთხვევით, როდესაც შეიარაღებული უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები ევროკავშირის მისიის დამკვირვებლებს მათი მანდატის შესაბამისად ყოველდღიური საქმიანობის შესრულებაში უშლიან ხელს. ინციდენტი განხილული იქნება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ტექნიკურ შეხვედრაზე, ხვალ ერგნეთში,“ – ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.

სადამკვირვებლო მისიის განცხადებით, უსაფრთხოების კუთხით ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ EUMM-მა მნიშვნელოვნად გააძლიერა პატრულირება, რათა ხელი შეუწყოს სტაბილურობას ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე.


close დახურვა