აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ტელეკომპანია ფორმულაში სტუმრობისას ბოლო დროს საქართველოში მედიის მდგომარეობაზე რამდენიმე კითხვას უპასუხა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული თავდასხმები დაგმო.
დეგნანმა ქართული დემოკრატიის მშენებლობისთვის თავისუფალი მედიის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ ამერიკის საელჩო, ისევე როგორც შეერთებული შტატები, მხარს უჭერს მედიის თავისუფლებას და ხელს უწყობს ქვეყანაში ძლიერი პროფესიული მედიის შექმნას.
"თავდასხმები ჟურნალისტზე ნებისმიერ დროს სრულიად დაუშვებელია და ძალიან სამწუხაროა, როცა ვხედავთ რომ ეს ხდება საქართველოში. შეერთებული შტატები უკვე ბევრი წელია საქართველოში მედიის თავისუფლების ძლიერი მხარდამჭერია. ჩვენ ორ მილიონზე მეტი გვაქვს გამოყოფილი მედიის თავისუფლების მხარდაჭერის, მედია-განათლების, გაცვლითი პროგრამებისთვის. და ეს ყველაფერი საიმისოდ, რომ შევქმნათ ძლიერი პროფესიული მედია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიისთვის", - განაცხადა დეგნანმა.
ელჩმა ჟურნალისტების დაცვის საკანონდმებლო მექანიზმების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რაც წყაროების დაცვას და ჟურნალისტების მხრიდან დაშინებისა და ძალადობის მუქარის გარეშე საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას უზრუნველყოფს. ელჩის თქმით, ასეთი მექანიზმები მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირების და მის მიმართ მთავრობის ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფისთვის.
"დღეს ვხედავთ თუ რამხელა გამბედაობას მოითხოვს ჟურნალისტობა მთელს მსოფლიოში, მათ შორის აქაც - საქართველოში: როგორც ვახოს, სხვებსაც თავს ესხმიან და ემუქრებიან. ეს დაუშვებელია და სახიფათოა დემოკრატიის სტაბილურობისთვის. შეერთებული შტატები აგრძელებს მედიის თავისუფლების ძლიერ მხარდაჭერას.
მოხარული ვარ, რომ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ჟურნალისტების დაცვის მექანიზმებს, რომ მათ დაიცვან საკუთარი წყაროები, რადგან ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ მიიღოს სწორი ინფორმაცია და უზრუნველყოს მთავრობის ანგარიშვალდებულება საზოგადოების მიმართ.
ეს არის საკვანძო პრინციპი მედიის თავისუფლებისა და დემოკრატიის, რათა ჟურნალისტებს შეეძლოთ პასუხისმგებლიანად საკუთარი საქმის გაკეთება დაშინებისა და ძალადობის მუქარის გარეშე", - განაცხადა ამერიკის ელჩმა.
ელჩმა დეგნანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოში მედიის თავისუფლების მიმართ.
"მინდა დაგარწმუნოთ, ჩვენ გავაგრძელებთ მედიის თავისუფლების აქტიურ მხარდაჭერას საქართველოში", - განაცხადა ელჩმა.
ტელეკომპანია ფორმულას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი დღეს, 12 მარტს ეწვია და ჟურნალისტებსა და არხის ხელმძღვანელობას შეხვდა.
აშშ-ს ელჩმა მხარდაჭერა გამოუცხადა ვახო სანაიას, მის მიმართ განხორციელებული თავდასხმის გამო. მან, ასევე ისაუბრა საქართველოში არსებულ მედიაგარემოზე, მათ შორის TV პირველთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესზე.
ფორმულა აშშ-ის ელჩთან ექსკლუზიურ ინტერვიუს მომდევნო, 17-საათიან გამოშვებაში შემოგთავაზებთ.