logo
ENG



დეგნანი: იმედია, როცა სასწორზე კანდიდატის სტატუსია, პოლიტიკოსები შეძლებენ, ერთად იმუშაონ

15 სექ 202222:23
3 წუთის საკითხავი
clock 855
2022/09/15/c11uvcees1rdyiu.jpg
კადრი: იმედი

აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა იმედის ეთერში განაცხადა, რომ მისი აზრით, ქართველმა პოლიტიკოსებმა, მაშინ როცა სასწორზე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი დევს, გვერდით უნდა გადადონ განსხვავებები, დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან და ერთად იმუშაონ ქვეყნის ევროპული მომავლის გეგმაზე.

დეგნანის თქმით, მან 6 თვის განმავლობაში 2-ჯერ ნახა, როგორ საუბრობდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ქვეყნისთვის საჭირო რეფორმებსა და წითელ ხაზებზე. ამიტომ დარწმუნებულია, რომ ამის გაკეთება ახლაც შეუძლიათ.

აშშ-ის ელჩი აცხადებს, რომ პოლიტიკოსებს შორის ყველაზე პროდუქტიული დისკუსიები სატელევიზიო კამერების მიღმა, არასაჯარო გარემოში გაიმართა, ამიტომ პოლარიზაციის შესამცირებლად, დეგნანის აზრით, უმჯობესი იქნება თუ მსგავსი შეხვედრები იმატებს და კამერების წინ კამათი შემცირდება.

„მე ვნახე ქართველი პოლიტიკური ლიდერები 6 თვის განმავლობაში 2-ჯერ როგორ დასხდნენ ერთად მოსალაპარაკებლად. ვუსმენდი როგორ მკაფიოდ გამოხატავდნენ საკუთარ პოზიციებს, როგორ საუბრობდნენ წითელ ხაზებზე, როგორ მართავდნენ მოლაპარაკებებს ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების გეგმაზე. ამრიგად, დარწმუნებული ვარ, რომ ქართველ ლიდერებს შეუძლიათ ამის გაკეთება. იმედს ვიტოვებ, რომ ამ შემთხვევაში, როცა სასწორზე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსია, მოახერხებენ გვერდზე გადადონ მათ შორის არსებული განსხვავებები და რეალურად იმუშაონ ერთად ამ ქვეყნის ევროპისკენ მიმავალი გეგმის შესაქმნელად.

ახლა საქართველოს დღის წესრიგში ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია. ყველაზე პროდუქტიული დისკუსიები რომლებიც მოწმეც გავხდი სატელევიზიო კამერებს მიღმა, არასაჯარო გარემოში გაიმართა. მიმაჩნია, რომ პოლარიზაციის შესამცირებლად, ალბათ უფრო კონსტრუქციული იქნება მეტი მსგავსი შეხვედრა და ნაკლები კამათი კამერების წინ. გაცილებით ადვილია ერთმანეთის მოსმენა, ერთმანეთის პოზიციების და წითელი ხაზების გაგება, როცა კამერის წინ არ ხარ. ვფიქრობ, პარტიებს რეალურად აქვთ ამის გაკეთების შესაძლებლობა“ - განაცხადა კელი დეგნანმა.

აშშ-ის ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ 2021 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აშშ ყველა ოპოზიციურ პარტიას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებდა, თუმცა დეგნანის თქმით, „სამწუხაროა, რომ ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტისა და პარლამენტში არშესვლის გზა აირჩია“.

კელი დეგნანმა განაცხადა, რომ მისი აზრით პარლამენტში შესვლით ოპოზიციას შეეძლო არსებული პრობლემები ქვეყნის ინტერესების შესაბამისად განეხილა და ელჩის თქმით, კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობასაც ეს სურს - პოლიტიკოსები პარლამენტში საქართველოს ინტერესებისთვის მუშაობდნენ.

ელჩი აცხადებს, რომ ახლა მმართველ პარტიას და ოპოზიციას მოუწევთ ერთად დასხდნენ და იმსჯელონ, თუმცა ასევე აცხადებს, რომ ქართულმა ოცნებამ არ უნდა მოახდინოს პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიების მარგინალიზაცია, ამასთანავე ოპოზიციამაც კონსტრუქციულად უნდა იმუშაოს.

„წინა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც 9 პარტია აირჩიეს, საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა უფრო მეტი ხმა და უფრო მეტი პოზიცია ყოფილიყო პარლამენტში, ვიდრე მხოლოდ 2. ვფიქრობდი, რომ ეს ძალიან ჯანსაღი მოვლენა იყო. ვფიქრობ, რომ ბევრი ადამიანი მიიჩნევდა ამას საპარლამენტო არჩევნების უდიდეს მიღწევად. სამწუხაროა, რომ ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტისა და პარლამენტში არშესვლის გზა აირჩია. შეერთებული შტატების პოზიცია თავიდანვე აშკარა იყო, ჩვენ მოვუწოდებდით ყველა პარტიას შესულიყვნენ და ემუშავათ პარლამენტში. საქართველომ შექმნა პარლამენტი, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტი. ეს გახლდათ შესაძლებლობა, აღნიშნული ინსტიტუტი გამოეყენებინათ არსებული პრობლემების განსახილველად და წარმოედგინათ პოლიტიკა, რომელიც საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდა.

ახლაც ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია. მიმაჩნია, რომ ესაა საქართველოს მომავალი. ვფიქრობ, პარტიებს ამისათვის მოუწევთ ერთად დაჯდომა, მმართველმა პარტიამ არ უნდა მოახდინოს იმ ოპოზიციური პარტიების მარგინალიზაცია, რომლებიც მოხვდნენ პარლამენტში, ხოლო ოპოზიცია უნდა იყოს და კონსტრუქციულად მუშაობდეს პარლამენტში. მე მისაუბრია ყველა პარტიის წარმომადგენელ მიზანდასახულ პარლამენტართან, რომლებსაც ნამდვილად სურთ შეუდგნენ საქმეს პარლამენტში და გამოიყენონ დემოკრატიული ინსტიტუტები, რომლებიც თქვენმა ქვეყანამ შექმნა. საზოგადოებრივი აზრის კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას სურს ქართველი პოლიტიკური ლიდერები პარლამენტში საქართველოს საუკეთესო ინტერესებისთვის მუშაობდნენ“ - განაცხადა აშშ-ის ელჩმა იმედის ეთერში.


close დახურვა