logo
ENG



დეგნანი: მთავრობას სანქციების დაწესებას არავინ სთხოვს - მათგან ველით, სანქციებს დაემორჩილონ

17 მარ 202214:48
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, დაუწესებს თუ არა რუსეთს სანქციებს. თუმცა დეგნანის თქმით, საქართველოს აქვს ვალდებულება, რომ უკვე დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს დაემორჩილონ. 

აშშ-ის ელჩი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მთავარი უკრაინისთვის გაერთიანებული ძალებით მხარდაჭერის ჩვენებაა, რისი შემადგენელი ნაწილიცაა საერთაშორისო სანქციებთან დამორჩილებაც.

კელი დეგნანის თქმით, დაწესებულ სანქციებთან თანხვედრა, მათი აღსრულება ყველა იმ ქვეყნის ვალდებულებაა, ვინც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგია. ამ სანქციების არ აღსრულების შემთხვევაში კი დადგება დამრღვევი ქვეყნების პასუხისმგებლობის საკითხი. 

დეგნანმა აღნიშნა, რომ საქართველო ამ კუთხით ყოველთვის კარგი პარტნიორი იყო და თანხვედრაში მოდიოდა თუნდაც ირანისთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებთან. 

"მე მკაფიოდ ვიტყვი, რომ საქართველოს ხელისუფლებას არავინ სთხოვს დააწესოს ორმხრივი სანქციები თუ მათ ეს არ სურთ. ორმხრივი სანქციები საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია. ის, რასაც ყველა ქვეყნისგან ველით, რომელიც ამ რუსული აგრესიის წინააღმდეგ დგას, არის ის, რომ თანხვედრაში მოვიდნენ საერთაშორისო სანქციების რეჟიმთან. საქართველო ყოველთვის კარგი პარტნიორი იყო სანქციებთან თანხვედრაში, იქნებოდა ეს ირანის მიმართ თუ სხვა ქვეყნების მიმართ, რომლებიც საქართველოს, აშშ-ის და ყველა იმ ქვეყნების ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდნენ, ვისაც თავისუფლების, სტაბილურობისა და უსაფრთხოებს სჯერა.

ამიტომ მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია არ ავურიოთ თუ რას ვგულისხმობთ, რაზე ვსაუბრობთ, როცა საერთაშორისო სანქციებთან დამორჩილებაზე ვსაუბრობთ. საქართველო ყოველთვის ემორჩილებოდა ამ სანქციებს. სანქციების დიდი ნაწილი, შესაძლოა, პირდაპირ არ ეხებოდეს საქართველოს. ამიტომ მნიშვნელოვანია, არსებობდეს ეს პერსპექტივა, რომ საქართველო, ისევე როგორც ბევრი სხვა ქვეყანა დაემორჩილება საერთაშორისო სანქციებს, რამდენადაც შეუძლიათ და წინააღმდეგ შემთხვევაში დადგება შესაბამისი შედეგები ნებისმიერი იმ ქვეყნისთვის, რომელიც არ დაემორჩილება საერთაშორისო სანქციების რეჟიმს", - განაცხადა კელი დეგნანმა. 

 

close დახურვა