logo
ENG



დეგნანი: ოლსენი სამწუხაროდ ვერ შეხვდა ქალაქის მერს, იმედი მაქვს, შემდეგში შეხვდებიან

10 დეკ 202117:48
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი კახი კალაძის მიერ ერიკა ოლსენის შესახებ კომენტარზე, რომ "თანაშემწის მოადგილე, რა უბედურებაა", რაზეც შემდგომში კალაძემ განმარტებაც გააკეთა, რომ შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია, ამბობს, რომ იმედი აქვს, რომ შემდგომში ქალაქის მერიც მოახერხებს ერიკა ოლსენთან შეხვედრას.

"ვიცი, რომ მერმა კალაძემ განმარტა თავისი სიტყვები, მაგრამ მე დავამატებ. სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე იმყოფებოდა საქართველოში, მას ჰქონდა შესაძლებლობა შეხვედროდა პრემიერმინისტრს, პოლიტიკურ პარტიებს, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ შეხვდა ქალაქის მერს. იმედი მაქვს, მომდევნო შეხვედრაზე ის მოახერხებს და შეძლებენ შეხვედრას, განიხილავენ სხვადასხვა საკითხს და შეძლებენ თანამშრომლობას." - ამბობს აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.

თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანზე მისი შეფასება შეურაცხყოფა არ ყოფილა, როდესაც თქვა, რომ არ იცის ვინაა ერიკა ოლსენი და " თანაშემწის მოადგილე, რა უბედურებაა".

კალაძისთვის გაუგებარია აშშ-ს ყოფილი ელჩის, იან კელის განცხადებაც. ერიკა ოლსონზე თავის განცხადებას კი კალაძე თავის შეცდომას უკავშირებს.

"გაუგებარია იან კელის განცხადება. დავიწყოთ იქიდან, რომ მე შეურაცხყოფა არავისთვის არ მიმიყენებია. თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ ჩემს განცხადებად, რომ მე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების წარმომადგენლებისთვის ან, ზოგადად, უცხოელი ჩვენი მიგორებისთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინოს. არ არსებობს ეგეთი ფაქტი და გუშინდელი ჩემი ფაქტიც არანაირი შეურაცხყოფა არ იყო. ეს უბრალოდ ჩემი პრობლემა იყო, რომ თანამდებობის ნაწილში, რომელიც ითქვა ჟურნალისტის მხრიდან "მრჩევლის მოადგილე", რომ მე არ ვიცოდი. შეურაცხყოფა მე არავისთვის მიმიყენებია", - განმარტა კალაძემ.

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ერიკა ოლსონმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობამ ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს ძირი გამოუთხარა. 

9 დეკემბერს კახა კალაძემ ერიკა ოლსონის განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ არ იცის ვინაა ერიკა ოლსონი და ინტერესდება, რა თანამდებობა აქვს მას.

"ვინაა, ვისზეც საუბრობთ? რა თანამდებობა აქვს? თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა? თანაშემწე და იმის მოადგილე კიდევ? არ ვიცოდი, ეგეთი თანამდებობა თუ იყო. არ ვიცი საერთოდ, რაზე საუბრობთ. ვის შეხვდა ეს ადამიანი, რა განცხადებებს აკეთებთ, არ ვიცი საერთოდ", - ამბობს კალაძე. 

აშშ-ს ყოფილი ელჩის შეფასებით კალაძის განცხადება არის "საგარეო პოლიტიკა შეურაცხყოფით". 


close დახურვა