logo
ENG



დეგნანი: პომპეომ მოუწოდა საქართველოს, განახორციელოს საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმა

19 ნოე 202018:10
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/19/dg9i9plg213o4p4.png

ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტის შესახებ შემაჯამებელ ვიდეოს აქვეყნებს. 

"ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა იმ დემოკრატიული ღირებულებების მნიშვნელობას, რომელსაც ჩვენი ქვეყნები იზიარებენ. ეს ღირებულებები: დამოუკიდებლობა, პატივისცემა, ტოლერანტობა და თავისუფლება, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ფუნდამენტს წარმოადგენს. სახელმწიფო მდივანმა პომპეომ ასევე მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების განვითარებაში და მოუწოდა, განახორციელოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმა", - ამბობს დეგნანი

მისი თქმით, აშშ-ის მტკიცე ორპარტიული დღის წესრიგი აქვს საქართველოსთან მიმართებით და სახელმწიფო მდივანმა მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, პრემიერმინისტრ გახარიასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანთან პროდუქტიული შეხვედრების დროს, მათ შორის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ეკონომიკური ზრდის სტიმულირების და თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის ჩათვლით. 

დეგნანი საქართველოს პატრიარქთან პომპეოს შეხვედრასაც მიმოიხილავს. 

"საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კვლავ სასიცოცხლო როლს თამაშობს საქართველოს უნიკალური კულტურისა და ტრადიციების დაცვაში ისევე, როგორც აქამდე წლების განმავლობაში. შეხვედრაზე სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა საქართველოს როლს რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო ალიანსში და აღნიშნა რელიგიის თავისუფლების ხელშეწყობისა და დაცვის მნიშვნელობას, რათა ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა, მისდიოს მის რწმენას და რელიგიას", - ამბობს დეგნანი

ელჩი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან პომპეოს შეხვედრასაც შეეხო, სადაც მისი თქმით, მონაწილე მხარეებმა სასამართლო რეფორმის განხორციელების მცდელობები განიხილეს და ისაუბრეს დამოუკიდებელი მართლმსაჯულების მნიშვნელობაზე ჯანსაღ დემოკრატიაში. 

"სახელმწიფო მდივანს ჰქონდა შესაძლებლობა მონაწილე მხარეებისგან მოესმინა მათი საქმიანობის შესახებ, რათა დაეხმარონ ქართველებს საკუთარი ოცნების განხორციელებაში, ძლიერი, მდიდარი და დემოკრატიული ერის ჩამოყალიბებაში', - ამბობს დეგნანი

ელჩის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი რამ ჯერ კიდევ გასაკეთებელია, სახელმწიფო მდივნის ვიზიტი კიდევ ერთი შესაძლებლობა იყო გაგვეაზრებინა, თუ რამდენს მიაღწია საქართველომ მხოლოდ 30 წელიწადში. 

"ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ ჩვენს მეგობარს, რათა საქართველომ განაგრძოს ევროატლანტიკური კავშირების გაღრმავება, ეკონომიკური ზრდის სტიმულირება და შეიტანოს წვლილი რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში. მადლობას ვუხდით საქართველოს გულისხმიერი მასპინძლობისთვის და მეგობრობისთვის, რომელიც სრულად ადგილზე იყო სახელმწიფო მდივან პომპეოს ვიზიტის დროს. დიდი მადლობა", - ამბობს დეგნანი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში 17-18 ნოემბერს შედგა. პომეო საქართველოდან გუშინ გაფრინდა.  


close დახურვა