logo
ENG



დეგნანი: სააკაშვილმა მიიღოს საჭირო სამედიცინო დახმარება სრულად აღჭურვილ კლინიკაში

09 ნოე 202118:14
3 წუთის საკითხავი
 
დეგნანი: სააკაშვილმა მიიღოს საჭირო სამედიცინო დახმარება სრულად აღჭურვილ კლინიკაში
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს, რომ მიხეილ სააკაშვილმა საჭირო სამედიცინო დახმარება სრულად აღჭურვილ კლინიკაში მიიღოს. 

"ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან ყურადღებით აკვირდება მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას და ჯანმრთელობის მდგომარეობას. შეშფოთებულები ვართ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. 

სამედიცინო ჯგუფის შეფასებით, ის დიდი რისკის ქვეშ არის და სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდება. სახალხო დამცველმა თქვა, რომ გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულება არ არის საკმარისი. 

ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს, რომ მიხეილ სააკაშვილმა საჭირო სამედიცინო დახმარება დაუყოვნებლივ მიიღოს სრულად აღჭურვილ დაწესებულებაში. 

ჩვენ ასევე ვთხოვთ ბატონ სააკაშვილს, გაითვალისწინოს ექიმების რეკომენდაციები და დათანხმდეს მისთვის საჭირო მედიკამენტურ მკურნალობას. ცხადია, ეს ძალიან სენსიტიური და ემოციური ვითარებაა. მაგრამ ახლა პრიორიტეტი უნდა იყოს სააკაშვილის ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა. მკაცრი რეკომენდაციაა ხელისუფლების მიმართ, უზრუნველყოს ის ფუნდამენტური სამედიცინო მომსახურება, რომელიც მას სჭირდება. 

მას უნდა მოეპყრან თანასწორად და ღირსების დაცვით ქართული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

ნებისმიერ ქვეყანაში ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას პატიმრები ძალადობისგან, მათ შორის, ფსიქოლოგიური ძალადობისგან, უზრუნველყონ მათი უსაფრთხოება და სამედიცინო კეთილდღეობა". -  განაცხადა კელი დეგნანმა.

კელი დეგნანმა ასევე უპასუხა კითხვას სახალხო დამცველის შესახებ - ომბუდსმენს ირაკლი კობახიძემ "ნაციონალი" უწოდა და თქვა, რომ ნინო ლომჯარია არის "მაგალითი, თუ რატომ არ უნდა დანიშნო ნაციონალი არც ერთ თანამდებობაზე".

ელჩის თქმით, სახალხო დამცველის ინსტიტუტი იმსახურებს ქებას და არა კრიტიკას. 

"სახალხო დამცველი თამაშობს ძალიან მნიშვნელოვან როლს ქართული საზოგადოებისთვის. სახალხო დამცველი არის ადამიანის უფლებების, კარგი მმართველობის, დემოკრატიული ღირებულებების დამცველი ყველა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში. 

დღეს მქონდა პატივი, რომ სახალხო დამცველის ადგილობრივ წარმომადგენელს შევხვედროდი. ბევრ სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრეთ, მათ შორის მათ საქმიანობაზე, რომელიც შეეხება სხვადასხვა კუთხით საქმიანობას - ბავშვთა უფლებების კუთხით, ქალების წინააღმდეგ ძალადობას და ა.შ. მიმაჩნია, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ინსტიტუტი ყველა დემოკრატიისთვის. სახალხო დამცველის ოფისი თბილისსა და ბათუმში დაკომპლექტებულია თავდადებული პროფესიონალი ადამიანებით. ისინი უნდა შეაქონ და არა აკრიტიკონ". - თქვა ამერიკის ელჩმა. 

ქართული ოცნების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კი საქართველოში 1-ლ ოქტომბერს დააკავეს. იმავე საღამოს მან შიმშილობა დაიწყო და უკვე 40 დღეა, საკვები არ მოუღია. 

ადვოკატები და ექიმები ექსპრეზიდენტის გადაყვანას მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში ითხოვდნენ, ვინაიდან ციხის საავადმყოფოში არ არის საკმარისი აღჭურვილობა, ამასთან, მისი უსაფრთხოებაც არ იქნებოდა დაცული. იგივე დაადასტურა სახალხო დამცველმაც. 

მიუხედავად ამისა, 39-დღიანი შიმშილობის შემდეგ, 8 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი მაინც გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პეიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები, რომელშიც ჩანს, რომ ექსპრეზიდენტი თავის ნივთებს ალაგებს და ციხის თანამშრომლებს თავისი ნებით მიყვება. უწყება ამტკიცებდა, რომ მისი გადაყვანა არ მომხდარა ძალადობრივად. თუმცა, ვიდეოს გავრცელებიდან რამდენიმე წუთში სააკაშვილთან შეხვედრიდან გამოსულმა ომბუდსმენმა განაცხადა, რომ მას მოატყუეს, თითქოს სამოქალაქო კლინიკაში მიჰყავდათ. 

მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ უარი თქვა მანქანიდან გადასვლაზე, გადაათრიეს მანქანიდან კრიმინალების გინების ქვეშ, გაათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩაარტყეს კისერში.

გლდანის ციხის მე-18 საავადმყოფოში ექსპრეზიდენტს პატიმრებმა ე.წ შუმოკი მოუწყვეს - მას ერთხმად აგინეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. 


close დახურვა