logo
ENG



დეგნანი: სანამ რუსეთი საქართველოს გზებს ან რამე სხვას დაპირდება, ჯარი უნდა გაიყვანოს

17 მარ 202215:25
3 წუთის საკითხავი
 
დეგნანი: სანამ რუსეთი საქართველოს გზებს ან რამე სხვას დაპირდება, ჯარი უნდა გაიყვანოს

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ჩეჩნეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობის რუსული გეგმის შესახებ აცხადებს, რომ მსგავსი პროექტების შესახებ დაპირებამდე, რუსეთმა საქართველოდან ჯარები უნდა გაიყვანოს.

კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ რუსეთის პროქტებისა და დანაპირების გულწრფელობაზე მსჯელობისას უნდა გავიხსენოთ, რომ ის 2008 წლის შეთანხმებით დაკისრებულ ვალდებულებებს ამ დრომდე არ ასრულებს - არ გაჰყავს ჯარები საქართველოდან. 

ელჩი დეგნანის თქმით, ამ გზის პროექტი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში შეიქმნა. 

"რაც შეეხება გზას, როგორც მითხრეს საბჭოთა პერიოდის, 1970იანი ან 80-იანი წლების პროექტზეა საუბარი. თუმცა, რაც არ უნდა იყოს, სანამ რუსეთი რაიმე გზებზე, პროექტებსა თუ ამგვარ დაპირებებზე დაიწყებს საუბარს, მანამდე მათ უნდა შეასრულონ 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანონ ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.

თუ გსურთ განსაჯოთ რუსეთის გულწრფელობა ნებისმიერი მისი დაპირებისა თუ განცხადების მიმართ, საკმარისია შეხედოთ თუ რას აკეთებენ იმისათვის, რომ 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულონ - მათ არცერთი ეს ვალდებულება არ შეუსრულებიათ“, -განაცხადა კელი დეგნანმა

15 მარტს ჩეჩნეთის დედაქალაქში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან ნიკოლაი პატრუშევთან შეხვედრისას ჩეჩნეთის ხელისუფლების მეთაურმა, მუსლიმ ხუჩიევმა ჩეჩნეთიდან საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის პროექტზე ისაუბრა.

მისი თქმით, ეს სტრატეგიული მნიშვნელობის გზა იქნება, რომელსაც უცხოეთიდან ჩეჩნეთში ტვირთბრუნვის გაზრდაში მნიშვნელოვანი როლი ექნება.

ხუჩიევის თქმით, ამ გზის მშენებლობა 90–იან წლებში დაიწყო, თუმცა საბრძოლო მოქმედებების დაწყების გამო შეწყდა. მისივე თქმით 2019 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმაც აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი პროექტია, თუმცა თქვა, რომ მისი განხორციელება ჯერ არ იგეგმებოდა.

 

close დახურვა