logo
ENG



დეგნანი რუსულ კანონზე: ხელს შეუშლის EU-სკენ სწრაფვას, იმედია, პარლამენტი უკან დაიხევს

01 მარ 202309:53
3 წუთის საკითხავი
 
დეგნანი რუსულ კანონზე: ხელს შეუშლის EU-სკენ სწრაფვას, იმედია, პარლამენტი უკან დაიხევს

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის შეუთავსებელია თანამედროვე დემოკრატიული ქვეყნის ძირითად პრინციპებთან და იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტი მას არ დაამტკიცებს.

პუბლიკასთან ინტერვიუში ელჩი აცხადებს, რომ დონორების დახმარებასთან დაკავშირებით საკმარისი გამჭვირვალობა უკვე არსებობს.

დეგნანის თქმით, ეს კანონი ხელს შეუშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრებისკენ მისწრაფებას.

"ეს არ არის გამჭვირვალობის მისაღწევად. საკმარისი გამჭვირვალობა უკვე არსებობს. დონორები, როგორიცაა, მაგალითად, USAID, სამ თვეში ერთხელ დეტალურად აბარებენ ანგარიშს პარლამენტს, თუ რაში იხარჯება ჩვენი ფული. ყველა პარტნიორი, ვისთანაც ჩვენ ვმუშაობთ, დეტალურ ინფორმაციას აწვდის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. ასე რომ, ეს კანონპროექტი გამჭვირვალობის შესახებ არ არის. ეს ინფორმაცია არაერთ ვებგვერდზეა განთავსებული.

ეს კანონპროექტი ასევე არ არის ამერიკული, როგორც სენატორებმაც განმარტეს. ის (ამერიკული) კანონი ეხებოდა იურიდიულ კომპანიებსა და ლობისტებს, რომლებსაც ქირაობენ, რათა აშშ-ში წარმოადგინონ სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლების ინტერესები. ეს კანონპროექტი კი ამას არ ეხება"- თქვა დეგნანმა.

ელჩი ამბობს, რომ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, შეჩერდება მთელი რიგი დახმარების პროექტები, რომლებსაც ორგანიზაციები სხვადასხვა თემს უწევენ.

"დამტკიცების შემთხვევაში, ეს კანონი შეაჩერებს იმ ქართველებს, რომლებიც სხვებს ეხმარებიან, იმუშაონ საქართველოს საუკეთესო ინტერესებისთვის. ის გააჩერებს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ეხმარებიან სხვადასხვა თემს, მაგალითად, დამოუკიდებელი საცხოვრებელი ცენტრებით, სადაც შშმ პირთა ოჯახები მიდიან მხარდაჭერისა და სერვისების მისაღებად.

ის შეაჩერებს იმ იურიდიულ დახმარებას, რომელიც ამ ქვეყნის ბევრ თემში სასიცოცხლოდ სჭირდებათ ადამიანებს. ის შეაჩერებს ტურისტულ ორგანიზაციებს, რომლებიც ცდილობენ საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების კუთხითაც.

დამტკიცების შემთხვევაში, ეს კანონი ძირს გამოუთხრის იმ დახმარებას, რომელსაც ჩვენ ვუწევთ, მაგალითად, ქართველ ფერმერებს. ძირს გამოუთხრის სამედიცინო კვლევებს, რომლებსაც მხარს უჭერენ უცხოელი დონორები, როგორიცაა შეერთებული შტატები და მრავალი ევროპული ქვეყანა.

ბიზნესასოციაციები, ფერმერთა ასოციაციები, გარემოსდაცვითი ჯგუფები – სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტნიორების ფართო სპექტრია, რომელთა მიმართაც გაჩნდება ძლიერი სტიგმა და აღქმულნი იქნებიან, როგორც უცხო ქვეყნებზე მომუშავე ჯაშუშები, მაშინ, როცა ისინი აქ საქართველოს ინტერესებისთვის მუშაობენ"- თქვა დეგნანმა.

ამასთან, ელჩი მნიშვნელოვნად მიიჩნევს გაირკვეს, სინამდვილეში რისკენაა მიმართული კანონპროექტი.

"მნიშვნელოვანი იქნებოდა იმის გარკვევა, სინამდვილეში რისკენ არის მიმართული ეს კანონპროექტი. ის ჰგავს რუსულ კანონმდებლობას, რომელიც მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას და გაჩუმებას, განსხვავებული ხმების ჩახშობას. რუსეთის კანონი კი ამ კუთხით ძალიან ეფექტიანი იყო.

თუ გადახედავთ რუსეთში სამოქალაქო საზოგადოებას, ის ახლა გაჩუმებულია. ბევრმა ორგანიზაციამ დატოვა ქვეყანა, იმის ნაცვლად, რომ ძლიერი საზოგადოება და დემოკრატია შეექმნათ, რასაც აქ აკეთებდნენ შეერთებული შტატები და ჩვენი ქართველი პარტნიორები ბოლო წლების განმავლობაში. ეს კანონი კი მიღების შემთხვევაში სწორედ ამ ხმებს გააჩუმებს და უკან დასწევს იმ სამუშაოს, რაც შესრულდა. ეს კანონი ხელს შეუშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრებისკენ მისწრაფებას. ვფიქრობ, ეს ძალიან ნათლად ითქვა.

ის შეუთავსებელია თანამედროვე დემოკრატიული ქვეყნის ძირითად პრინციპებთან. იმედი მაქვს, პარლამენტი უკან დაიხევს და დაფიქრდებიან იმაზე, თუ რისი მიღწევა სურთ. კანონპროექტის მიღებამდე მათ უნდა გაიარონ კონსულტაცია პარტნიორებთან და მეგობრებთან, რათა უკეთ გაიგონ ამ კანონის ზემოქმედება და მოსალოდნელი შედეგები"- აცხადებს ელჩი. 

***

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.

ქართული ოცნება მხარს უჭერს კანონპროექტს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი კანონი აშშ-შიც მოქმედებს, ამავე არგუმენტს იყენებდა რუსეთიც. თუმცა ისინი მანიპულირებენ, როდესაც ამერიკული კანონის მოქმედების დეტალებზე არ საუბრობენ. ამერიკული კანონი სხვა სახელმწიფოების პოლიტიკური ლობიზმის გამოსავლენადაა მიმართული, განსხვავებით ქართული ოცნების რუსული კანონისგან.

მოგვიანებით "ხალხის ძალამ" დააინიცირა კანონპროექტის გაუარესებული ვარიანტი, რომელიც, მათი თქმით, FARA-ს "სიტყვა-სიტყვით თარგმანია". ნეტგაზეთის ინფორმაციით, კანონპროექტის მიხედვით, "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 5 წლამდე, იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით.

ქართული ოცნების განცხადებით, უცხოური აგენტების შესახებ რუსული კანონის ორივე ვარიანტს პირველი მოსმენით დაუჭერენ მხარს, რის შემდეგაც ის ვენეციის კომისიაში გადაიგზავნება. ამასთან, მმართველი გუნდი კანონის მიღებას ივნისის ბოლომდე გეგმავს.


close დახურვა