logo
ENG



დეგნანი სააკაშვილზე: მოვუწოდებთ მთავრობას, სერიოზულად მიუდგეს ომბუდსმენის რეკომენდაციებს

05 მაი 202215:11
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე სახალხო დამცველის რეკომენდაციებს სერიოზულად მიუდგეს.

ელჩის თქმით, სააკაშვილმა შესაბამისი მკურნალობა უნდა მიიღოს.

"ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალ-ყურს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომაროებას. ჩვენ მოვუწოდებდით და მოვუწოდებთ, რომ ის მოინახულოს კვალიფიციურმა პროფესიონალმა ექიმებმა და მას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდეს. ჩვენ გვაქვს სრული ნდობა სახალხო დამცველის რეკომენდაციების მიმართ, იმის მიმართ, თუ როგორ ჩაატარეს მონიტორინგი და შემდგომ რა რეკომენდაციებიც მიიღებს.

ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, რომ სერიოზულად მიუდგეს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს, იმიტომ, რომ სახალხო დამცველის ოფისს აქვს კონსტიტუციური მანდატი, რომ დაიცვას ნებისმიერი მოქალაქის უფლება და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის არის შესაბამისი ორგანო, რომელიც ძალიან კარგად ასრულებს თავის სამუშაოს და შესაბამისად, კარგი იქნება თუ მისი რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება", - განაცხადა დეგნანმა.

სააკაშვილის ოჯახისა და ადვოკატების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა. ისინი მესამე პრეზიდენტის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ.

27 აპრილს ომბუდსმენის მიერ შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მორიგი დასკვნა მოამზადა. დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს აქვს ცილოვანი შიმშილი. როგორც ექიმი აღნიშნავს, სააკაშვილი დღეში რეგულარულად მოხმარებადი კალორიის დაახლოებით 1/4-ს იღებს, ორგანიზმი კი "საკუთარ თავს ინელებს".

ექიმები განმარტავენ, რომ ის ცილები, რომლებიც მას არ მიეწოდება, კუნთების დაშლის საშუალებით იღებს ამ ცილებს, შესაბამისად კუნთოვანი მასა მკვეთრად მცირდება ამ დროს. მათი მოსაზრებით, მის გამომწვევი შესაძლოა იყოს რეზისტენტული პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და დეპრესია, რამაც საბოლოოდ  ანორექსია ანუ მადის დაქვეითება გამოიწვია.


close დახურვა