logo
ENG



დეგნანი სააკაშვილზე: უნდა შესრულდეს რეკომენდაციები, გაუგებარია, რატომ არ ხდება ზომების მიღება

19 ნოე 202113:31
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი აცხადებს, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ყველა სათანადო მკურნალობა და ზრუნვა უნდა მიიღოს. მისივე თქმით, გაუგებარია, რომ არ ხდება ზომების მიღება.

"ჩვენ გვაღელვებს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში აღარაა საჭირო რაიმე სახის დისკუსია ან დებატი. მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ მიიღოს ყველა სათანადო მკურნალობა და ზრუნვა. ჩვენ ვენდობით სახალხო დამცველის მიერ ორგანიზებულ მედიკოსთან ჯგუფს. მათი შეფასებით მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არის კრიტიკული, მას ესაჭიროება მრავალმხრივი სამედიცინო მომსახურება, რათა ის რაც მოხდეს აღარ განმეორდეს და ეს მდგომარეობა გამოსწორდეს. შესაბამისად მან უნდა მიიღოს შესაბამისი მკურნალობა, შესაბამის დაწესებულებაში. [...]

მას უნდა მიეცეს მკურნალობის საშუალება და უნდა შესრულდეს ის რეკომენდაციები, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გაიცა იმიტომ, რომ გაუგებარია, რატომ არ ხდება ამ ზომების მიღება", - ამბობს დეგნანი.

როგორც ელჩმა აღნიშნა, მათ აღელვებთ ელენე ხოშტარიას მდგომარეობაც, რომელიც უკვე მე-17 დღეა შიმშილობს:

"მან მიანიშნა, რომ თავისი ქმედებით იგი ხელს შეუწყობს ქვეყნის გრძელვადიან სტაბილურობას და სჯერა, რომ შეძლებს ხალხის დაახლოებას და იმ ღრმა პოლარიზაციის გადალახვას, რომელიც ასე უშლის ხელს ქვეყნის განვითარებას და აფერხებს ქვეყნის განვითარებას. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან და სხვა მოშიმშილეებმა იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე, უარი არ თქვან წამლების მიღებაზე და ზრუნვაზე".

გუშინ, 18 ნოემბერს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მასთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ თქვა, რომ ოთახიდან გასვლისას მიხეილ სააკაშვილი წაიქცა. 

მოგვიანებით, გახდა ცნობილი, რომ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, ყოფილი პრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ. 

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც და საქართველოს მთავრობას მოუწოდა, გაითვალისწინონ ომბუდსმენის რეკომენდაციები და უმკურნალონ მას "ღირსეულად და სამართლიანად". 

სახდეპი თავის განცხადებაში აღნიშნავს იმასაც, რომ მიხეილ სააკაშვილს საკუთარ სასამართლო სხდომებზე დასწრების შესაძლებლობა უნდა მიეცეს. 

17 ნოემბერს, ომბუდსმენის მიერ შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასკვნა მოამზადა. კონსილიუმის წევრი ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკო­მენ­ებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ ინტენსიური თერაპიის გან­ყო­ფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს. 


close დახურვა