logo
ENG



დედაქალაქის მერი ცრუპენტელაა - სასტუმრო ბუდაპეშტი შესაძლოა ვაკის პარკში მაინც აშენდეს

23 იან 202012:34
3 წუთის საკითხავი
 

"ჩვენ გვაქვს მშენებლობის უფლება და იანვრის ბოლოს შევიტანთ მერიაში განცხადებას, რომ ისევ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ავაშენოთ სასტუმრო "ბუდაპეშტი", - ამის შესახებ სასტუმრო "ბუდაპეშტის" პროექტის ხელმძღვანელმა გიორგი ზაქაიძემ გამოცემა Bm.ge-ისთან განაცხადა.

ზაქაიძე ამბობს, რომ მერიამ პირობა არ შეასრულა და სასტუმროს ასაშენებლად ალტერნატიული ადგილი არ გამოუყვია.

ამ საკითხს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა გამოეხმაურა. ზარქუა ინვესტორების ამ განცხადებას სიცრუეს უწოდებს. მისივე თქმით, მერიამ კომპანიას რამდენიმე ობიექტი შესთავაზა, თუმცა რა ტერიტორიაზეა საუბარი, ამას ზარქუა არ აკონკრეტებს.

„ეს პრობლემა არახალია. თქვენ იცით, რომ სააკაშვილმა და უგულავამ უფლება მისცეს, რომ აეშენებინა ინვესტორს სასტუმრო „ბუდაპეშტი“ ვაკის პარკის ტერიტორიაზე. ჩვენმა ადმინისტრაციამ აკრძალა. ცალსახად ვიტყვით, რომ ჩვენი ადმინისტრაციის პირობებში, ვაკის პარკში ეს მშენებლობა ვერ გაგრძელდება. რამდენიმე შეთავაზება იყო მერიის მხრიდან გაკეთებული, თუმცა ინვესტორი უარზეა. ბუნებრივია, რომ მოლაპარაკებები გრძელდება“, - აღნიშნა ზარქუამ.

პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს შესაძლო აშენებას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილიც აფასებს. მან თბილისის მერს კახა კალაძეც მატყუარა უწოდა და აღნიშნა, რომ მერიამ ინვესტორთან მოლაპარაკებები სათანადოდ ვერ აწარმოა. 

„დედაქალაქის მერი არის ცრუპენტელა და მატყუარაა. დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააკეთა განცხადება და გვითხრა, რომ მშენებლობა შეჩერებულია და სასტუმრო არ აშენდება. ერთი წლის შემდეგ ირკვევა, რომ ინვესტორს ვერ დაელაპარაკნენ და ინვესტორი აპირებს, რომ სამართლებრივად გაარკვიოს ყველაფერი. მოკლედ რომ ვთქვათ, თუ იქნებოდა ინვესტორი მისი ძმაკაცი ბექა ოდიშარია, მაშინ მისცემდა 80-ჯერ უფრო მეტ ქონებას, როგორც ეს გააკეთა", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

 

 


close დახურვა