logo
ENG



დედაქალაქის მთავრობამ მოსახლეობას გადაადგილება გაურთულა

03 ივნ 202020:38
3 წუთის საკითხავი
 

დედაქალაქის მთავრობამ მოსახლეობას გადაადგილება გაურთულა. წელიწადნახევარია გადათხრილია ჭავჭავაძის გამზირი და ამ დრომდე სადავოა საბოლოო პროექტი. მერი ოპონენტებს უთვლის, რომ ყველაფერს მიხედავს, თუმცა ფაქტია, რომ ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა ბუნდოვანია და განტვირთვის ნაცვლად საცობების რისკსაც ზრდის. 

ავტობუსები სპეციალურად გამოყოფილ ზოლში, მსუბუქი ავტომობილების საპირისპირო მხარეს იმოძრავებს, - რატომ გახდა საჭირო ავტობუსების ზოლის შუა ქუჩაში მოწყობა, ან როგორ მოხვდებიან საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ამის გარკვევას მოსახლეობაც უშედეგოდ ცდილობს.  ამ კითხვებზე პასუხი მოსახლეობას ამ დრომდე არ მიუღია.  იციან, რომ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია ტრანსპორტის მოძრაობასაც ცვლის, თუმცა ვერ ხვდებიან, რატომ  გახდა საჭირო ავტობუსების ზოლის შუა ქუჩაში მოწყობა.  ცდილობენ გამოიცნონ, როგორ მივლენ გაჩერებამდე და შეაფერხებს თუ არა ავტომობილების გადაადგილებას დამატებითი შუქნიშნები. 

კალაძის განმარტებით, ავტობუსები სპეციალურად გამოყოფილ ზოლში, მსუბუქი ავტომობილების საპირისპირო მხარეს იმიტომ იმოძრავებენ, რომ ჭავჭავაძესთან დამაკავშირებელმა ქუჩებმა საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ შეაფერხოს. მერი არგუმენტად  კომპანია სისტრას კვლევას იშველიებს, რომელიც თბილისის მასშტაბით ახალ სამარშუტო სქემას ამუშავებს, თუმცა არ აქვს პასუხი როდის გასაჯაროვდება დოკუმენტი, რომელზეც უკვე ერთი წელია მუშაობენ. 

სხვა ვერსია აქვს ოპოზიციას. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, თბილისის მერიამ ჭავჭავაძის გამზირზე შეცდომა დაუშვა. შუა ზოლში გაჩერებების განთავსება პროექტით გათვალისწინებული არ იყო და კახა კალაძემ ეს იდეა პიარისთვის მოიფიქრა. მარჯვენა კარიანი ავტობუსების ფაქტორი კი მოგვიანებით გაითვალისწინეს, შედეგად მოძრაობის სქემაც ჩასწორდა.

„ევროპულ საქართველოში“ კი ამბობენ, რომ მუშაობა მსჯელობისა და წინასწარი კვლევის გარეშე არ უნდა დაწყებულიყო, და თუ კვლევა არსებობს, მაშინ რატომ არ ასაჯაროებს მას მერია. 

თბილის მერის მოადგილე მაია ბითაძე ირწმუნება, რომ პროექტი არ შეცვლილა. ის ჭავჭავაძე ტრანსპორტის მოძრაობის სქემას განმარტავს - ავტობუსები სპეციალურად გამოყოფილ ზოლში მსუბუქი ავტომობილების საპირისპიროდ იმოძრავებენ, ყველა გაჩერებასთან ზებრა გადასასვლელი და შუქნიშანი დამონტაჟდება. ჭავჭავაძის გამზირის დასაწყისსა და ბოლოში კი სპეციალური გზაჯვარედინები მოეწყობა.

განსხვავებული პოზიციაა ექსპერტულ წრეებში. „ჰაბ ჯორჯიას“ დირექტორი დარწმუნებულია, რომ ჭავაჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა ტრანსპორტის გამტარობას შეამცირებს, მიმდებარე ქუჩებზე კი საცობებს წარმოქმნის. პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის ახალ სქემას იწონებს, თუმცა მიაჩნია, რომ ქუჩების მოწესრიგებისას მერია საერთო პროექტით უნდა ხელმძღვანელობდეს.


 


close დახურვა