logo
ENG



დევიდ ქრეიმერი კონგრესმენების ანგარიშზე: თბილისისთვის ეს გამაფრთხილებელი სიგნალი უნდა იყოს

11 ივნ 202020:05
3 წუთის საკითხავი
 

პუტინის მოკავშირე და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციის გამომწვევი, - ასე წერს ბიძინა ივანიშვილზე კონგრესის ქვედა პალატის რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტი. ივანიშვილი, როგორც პუტინის ინტერესების გამტარი და ქვეყნის სუვერენიტეტის ხელმყოფი ვრცელ დოკუმენტში მკაფიოდაა ხაზგასმული. 

რესპუბლიკელი კონგრესმენების მიერ მომზადებული ანგარიში ეხება გლობალური საფრთხეების აცილებას, ყველაზე აგრესიულ მოწინააღმდეგეებში დასახელებულია რუსეთი. კონგრესმენები მიიჩნევენ, რომ პუტინის ახლო მოკავშირე ოლიგარქების მიმართ სანქციები უნდა გამკაცრდეს. 

კონგრესის ქვედა პალატის რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის  ანგარიში ის დოკუმენტია, რომელიც ვაშინგტონში არაერთ მაგიდაზე მოხვდება. დასავლეთში კარგად იციან, რომ საქართველოში არაფორმალური მმართველობაა. ამ მმართველის ხსენება კი კრემლის კორუმპირებული და კლეპტოკრატიული რეჟიმის მოკავშირედ, სერიოზულ დარტყმას აყენებს საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის სტატუსს. 

„ახლანდელი სანქციები საკმარისად არ ეხება პუტინის უცხოელ მოკავშირეებს, რომლებიც ძირს უთხრიან ყოფილი საბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტს. საქართველოს უმდიდრესი ადამიანი - ბიძინა ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა და ჩართულია რუსეთის ხელით საქართველოს დესტაბილიზაციაში“, - ნათქვამია დოკუმენტში.

რესპუბლიკელი კონგრესმენების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშში არის მოწოდება, რომ გაფართოვდეს სანქციები პუტინის მოკავშირე ოლიგარქების მიმართ და ნახსენებია ივანიშვილიც. თუ რას ნიშნავს ამ დოკუმენტში ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოთხოვნა.

ამ თემაზე „ფორმულა“ ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწეს დევიდ ქრეიმერს ესაუბრა. მან კარგად იცის ის პრობლემები, რომლებიც საქართველოს დემოკრატიას აქვს. 

„საქართველო ორ ადგილას არის ნახსენები. ანგარიშზე საუბარია საქართველოს მხარდაჭერაზე და აღიარებს მას მნიშვნელოვან მოკავშირედ. შემდეგ საუბარია ბიძინა ივანიშვილზე. ეს არის იმ მზარდი წუხილის გამოხატვა, რომელიც ივანიშვილის როლთან დაკავშირებით კონგრესში აქვთ. მის გავლენაზე, მის ურთიერთობებზე რუსეთთან. თბილისისთვის ეს უნდა იყოს გამაფრთხილებელი სიგნალი, რომ ისევ დიდი ყურადღება ეთმობა საქართველოში მოვლენებს, იმის მიუხედავად რა ხდება შეერთებულ შტატებში და რა გლობალური გამოწვევბია. ისინი საქართველოს მეგობრები არიან და არა მტრები. არც ერთი ჩვენგანი არ ითხოვს სანქციებს უშუალოდ საქართველოს მიმართ. აქ საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც არ აურჩევიათ“, - განაცხადა ქრეიმერმა

დღესვე „ფორმულამ“ შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში კითხვა ამ ანგარიშთან დაკავშირებით. კელი დეგნანმა, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას წარმოადგენს, არ ისურვა სანქციებზე საუბარი და საქართველოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის ანგარიში ძირითადად ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაა. მასში საუბარია საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაზე, საქართველოს მხარდამჭერი აქტის ფარგლებში. ხაზგასმულია, რომ კონგრესმა უნდა განაგრძოს საქართველოს მზაობის და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება, იარაღის შეძენის ჩათვლით.  

 


close დახურვა