ფოთში მცხოვრები დევნილები პორტის ტერმინალში ღია წესით ქიმიური ტვირთების დამუშავებას აპროტესტებენ და ტერიტორიიდან გასახლებას ითხოვენ. საუბარია ასამდე ოჯახზე.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ღია წესით ქიმიური ტვირთების დამუშავების გამო მათ ჯანმრთელობას ზიანი ადგება, ხელისუფლება კი მათ პროტესტზე არ რეაგირებს.
„ძირითადი პრობლემა არის მტვერი, გამონაბოლქვი და ხმაური - შეუძლებელს ხდის აქ ცხოვრებას. გაფართოების შემდეგ მოხდა პორტის შემოჭრა, ფაქტობრივად, ჩვენს საცხოვრებელს სივრცეში შემოჭრა. ტერიტორია ჩამოაჭრეს ეზოსაც. შემდეგ დაიწყო ქიმიური ნივთიერებების დამუშავება.
ყოველდღიური პრობლემა გვაქვს. ბავშვებს ვერცხლისწყალი აქვთ 1.8, 2-მდე რომ მივა მაჩვენებელი, შეიძლება სისხლის გაუთეთრდეს. სასამართლოშიც შეტანილი გვაქვს, არც განიხილავენ, არაფერს გვეუბნებიან", - ამბობენ ადგილობრივები.
დევნილები გარემოსდამცველ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ორგანიზაციებში ამბობენ, რომ მოსახლეობას სხვადასხვა სახის დახმარებას გაუწევენ.
„შეხვედრის მიზანი ისაა, რომ გავუგზავნოთ ხელისუფლებას და ბიზნესს მესიჯი - ჩვენ ამ ხალხის ადვოკატირებას ვეწევით და ისინი არ არიან მარტო", - ამბობს ელისო ჯანაშია, ორგანიზაცია ფოთელები საკუთარი უფლებებისთვის დამფუძნებელი.