თბილისის ზღვის მიმდებარედ, დევნილების დასახლებაში 15 ადამიანი მოიწამლა. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ მოწამვლის მიზეზი დაბინძურებული სასმელი წყალი გახდა.
მათი თქმით, მოწამვლის შემთხვევები ბოლო სამი დღის განმავლობაში ფიქსირდება. პირველად არასრულწლოვანი მოიწამლა. ჯერჯერობით ინტოქსიკაციის მიზეზის დასადგენად სრული კვლევები ჩატარებული არ არის, თუმცა ექიმებს აქვთ ეჭვი, რომ ეს სწორედ დაბინძურებულმა სასმელმა წყალმა გამოიწვია.
ადგილობრივები ასევე საუბრობენ იმაზე, რომ პრობლემა წლების განმავლობაში არსებობს. ისინი ფიქრობენ, რომ შესაძლოა, სასმელი წყლის მილს უერთდებოდეს საკანალიზაციო მილი და სწორედ ამან გამოიწვია ინტოქსიკაცია.
დევნილთა დასახლებაში უყურადღებობაზეც საუბრობენ. მათი თქმით, დევნილთა სამინისტროს არაერთხელ მიმართეს, თუმცა არც ერთ მიმართვაზე სამინისტროს შესაბამისი რეაგირება არ მოუხდენია.
„სამი დღის წინ საავადმყოფოში გადაიყვანეს ბავშვი. გუშინ და დღესაც გადაიყვანეს, მათ შორის ჩემი შვილიც, რომელიც 17 წლის არის. სავარაუდოდ, ამბობენ, რომ წყლით მოიწამლა“, - განაცხადა ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა.
მოსახლეობა იმედოვნებს, რომ პრობლემა ახლა მაინც მოგვარდება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი სასმელის წყლის გარეშე რჩებიან.