logo
ENG



დეკანოზი - ეკლესია ღია ან დაკეტილი შენობა ჰგონიათ, ჩვენი ბრალია, რომ აქამდე მისი არსი არ ესმით

06 აპრ 202018:39
3 წუთის საკითხავი
 
4ys2lz48yxf3973.jpg

მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი თამაზ ლომიძე, კორონავირუსის პანდემიის გამო ეკლესიებში შეკრების შეზღუდვასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ აზრთა სხვადასხვაობას ეხმაურება.

როგორც დეკანოზი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, საუბარი იმაზე, რომ მრევლის მიმართ სახლში დარჩენის მოწოდებები ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა, არასწორია.

„ექიმები გვეხვეწებიან: ხალხო, ცოტა ხნით ტაძარშიც ნუ მიხვალთ, წირვაზეც ნუ შეიკრიბებით, რომ ისევ ერთმანეთის სიცოცხლე გადაარჩინოთო და ზოგიერთი ეჭვიანი ამბობს: ფრთხილად ხალხო, მგონი, ეს ყველაფერი ეკლესიის საწინააღმდეგოდ ხდება, რომ ეკლესია დაასუსტონ და ტაძრები დაგვიკეტონო. მესმის ამ უკანასკნელების შიშის, რადგან მათ ეკლესია ღია ან დაკეტილი შენობა ჰგონიათ. ისევ ჩვენი ბრალია, რომ აქამდე ეკლესიის არსი არ ესმის ზოგიერთს. ეკლესია მორწმუნე ხალხია, მათი უხილავი კავშირი და ერთობა ქრისტეს რწმენით და ერთმანეთის სიყვარულით. როცა მე, შენ, მან და კიდევ მრავალმა ქრისტეს მორწმუნემ ვიცით, რომ ყველას ერთი ღმერთი გვყავს, ერთი რამ გვწამს და მისი შვილები ვართ ყველანი. ესაა ეკლესია და ეს რამ უნდა დაარღვიოს? წირვაზე ჩვენს ერთად ყოფნას ვერაფერი შეედრება ამქვეყნად, მაგრამ, შეკრებაზე დროებით უარის თქმაც რომ მოგვიწიოს რაიმე საფრთხის გამო, არ არსებობს ძალა, რომელიც ეკლესიას, როგორც მორწმუნე ხალხის უხილავ ერთობას დაარღვევს. ეს შეუძლებელია. არ შეგეშინდეთ, ასეთი ეკლესია იდგება ქრისტეს მეორედ მოსვლამდე“, - წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე.


close დახურვა